LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეკვლეები ქართველი პოლიტიკოსებისთვის: როგორია მათი საახალწლო სურვილები

188

”შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა” –  მეკვლეობის ტრადიცია ზოგისთვის საინტერესო და სახალისოა, ზოგისთვის კი ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

რიგითი მოქალაქეების შემდეგ რადიო ”ფორტუნა”, დაინტერესდა, ვის ისურვებდნენ  მეკვლედ პოლიტიკოსები და მინისტრთა კაბინეტის წევრები და ვინ შეიძლება იყოს ფეხბედნიერი ახალ წელს მათი ოჯახებისთვის.

ალექსანდრე ჯეჯელავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი:

– პოლიტიკოსებს თუ ვისურვებდი მეკვლედ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი რამდენიმე ძვირფასი მეგობარი არის პოლიტიკაში და პრემიერის მეკვლეობა ძალიან გამიხარდებოდა. ვიცე-პრემიერის, ან ნებისმიერი კოლეგის მეკვლეობაც ძალიან გამახარებდა. ასევე განსაკუთრებული სიმპათიებით ვარ ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის მიმართ განმსჭვალული. რაც შეეხება ზღაპრის გმირებს, მართალი გითხრათ, მკითხეს თქვენი საყვარელი ზღაპრის გმირი რომელიაო და ცოტა ვიწვალე. ჯერ ვერ გავიხსენე და გეტყვით,  რომ გავიხსენებ აუცილებლად.

დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი:

– მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვარ ხოლმე საკუთარი ოჯახის მეკვლე ანუ ორივე კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ, პოლიტიკოსისაც და მეკვლისაც. ახალი წელი ხაზგასმულად ოჯახური დღესასწაულია, ნებისმიერი სტუმრის მოხარული ვიქნები, მაგრამ ვფიქრობ, წელსაც გავყვები ტრადიციას და საკუთარი ოჯახის მეკვლე თავად ვიქნები.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის წევრი:

– მეკვლედ ვისურვებდი ჟურნალისტებს.

ზაქარია ქუცნაშვილი, პარლამენტის წევრი:

– პოლიტიკოსებთან ვმეგობრობ, მაგრამ სახლში ალბათ არც ერთ მათგანს არ ვისურვებდი. პოლიტიკოსებს საკუთარი ადგილი აქვთ, მაგრამ არა ისეთი, მეკვლედ რომ ვაქციო. მეკვლე უნდა იყოს ან ცხოვრების მეგობარი ან ბავშვობის, მე ასე მგონია.

ეკა ბესელია, პარლამენტის წევრი:

– ჩემს სახლში, როგორც წესი, მე თავად ვარ ხოლმე მეკვლე, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსებიდან ალბათ, პრემიერს ვისურვებდი ახალი წლის ღამედ მეკვლედ.

გედევან ფოფხაძე, პარლამენტის წევრი:

– ზოგადად მეკვლეობა მომწონს, რადგან ტრადიციაა და პატივსაცემია, მაგრამ წელს ნამდვილად არავინ არ მინდა მეკვლედ. ბოლოს ახალ წელს მონასტერში ვხვდებოდი ხოლმე.

გია ვოლსკი, პარლამენტის წევრი:

– ძალიან ბევრს ვისურვებდი და არ მინდა, რომ ვინმეს გული დავწყვიტო.

ელენე ხოშტარია, პარლამენტის წევრი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”:

– პოლიტიკოსებიდან არავინ არ მინდა მეკვლედ, ქართველი ცნობილი ადამიანებიდან, მართლია გარდაცვლილია, მაგრამ ირაკლი ჩარკვიანი გამიხარდებოდა მეკვლედ რომ მოსულიყო. ასევე, იოსებ ბროდსკი.

ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრი:

– როგორც წესი, ახალ წელს ბავშვს ვუშვებ ხოლმე გარეთ და ის შემოდის პირველი. ამ ტრადიციას პოლიტიკურ ელფერს არ მივცემ და ამიტომ, ოჯახის წევრი რომ იყოს ჩემი მეკვლე უფრო გამიხარდება.

პოპულალურები