LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილის ადვოკატები ფარცხალაძის და სუბარის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ

62

გუშინ გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ოთარ ფარცხალაძის, იმჟამინდელი სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის და სხვა პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებაში.

„14 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერებით, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, მირზა სუბელიანის სიტყვებით დადასტურდა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ნამდვილად იქნა ფარულად და უკანონოდ გაყვანილი მისი საკნიდან, იმჟამინდელ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად. მირზა სუბელიანის საუბრიდან ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ დანაშაულში ჩართული იყო მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობა განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებითაც, რის გამოც მის მიმართ დადგინდა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილი წარმოადგენს ერთადერთ პოლიტპატიმარს, რომელიც მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოში საქმის 18-ე მუხლით მოგებისა, კვლავაც პატიმრობაში რჩება.

მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ივანე მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან. გარდა ამისა, მოვითხოვთ, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც ამ დანაშაულის უშუალო შემსრულებლების, მათ შორის ოთარ ფარცხალაძისა და იმჟამინდელი სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის, ასევე ამ უკანონო ქმედების დამკვეთების წინააღმდეგ“, – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ჩანაწერებში ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები