LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერობის ყოფილი კანდიდატებიდან ვინ ითანამშრომლებს კალაძესთან

ოპოზიციის ნაწილი კახა კალაძესთან თბილისის განვითარებისთვის სათანამშრომლოდ მზადაა. „ჩვენ ოპონენტები ვიყავით და არა მტრები,“ –  ამბობს კახა კალაძე, რომელმაც ცესკოს წინასწარი შედეგებით თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

თანამშრომლობა შეიძლება, შედგეს კონკრეტულ პროექტებთან, იდეებთან დაკავშირებით, თუკი მათ ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისის მომავალ მერს მიაწვდიან.

შეთავაზება გაკეთებულია და ახლა საინტერესო ის არის, ამ შეთავაზებას ვინ მიიღებს და რა ფორმით შედგება ეს თანამშრომლობა.  

როგორც აღმოჩნდა, კანდიდატების დიდი ნაწილი ამ თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ჩემთვის მერობა არის ერთადერთი მიზანი იმისთვის, რომ პროექტები რისი რეალიზებაც მინდა ჩემს ქვეყანაში, ეს განვახორციელო, თორემ მერობა სკამია ჩვეულებრივი, რომელიც არასდროს მიკვირდა,“  – ეს განცხადება „ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ, „ფორტუნასთან“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ გააკეთა.  როგორც აღმოჩნდა, პოზიცია არც ახლა შეუცვლია და თბილისის მომავალ მერთან თანამშრომლობისთვის თანამშრომლობისთვის მზადაა.

„ჩვენი გუნდის ინტელექტუალური რესურსი თუ ვინმეს სჭირდება,  ქვეყნის სასიკეთოდ მზად ვართ, რომ ამ ყველაფრის რეალიზება მოხდეს,“ – აცხადებს იუსტიციის სახლის ავტორი და დასძენს, რომ მის გუნდს „რეფორმის ფორმულები“ აქვს და, თუ მათ კალაძე ან  ვინმე სხვა გამოიყენებს, ამის მხოლოდ მომხრე იქნება.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ განვითარებაში გარღვევის მოხდენა შესაძლებელია და ამისთვის ახალი თაობის რეფორმებია საჭირო. ამბობს, რომ პროექტები, რომელიც დამუშავებული აქვთ, საარჩევნო კამპანიამდეც შესთავაზა კონკრეტულ სამინისტროებს, თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

„მე ეს შეთავაზება საჯარო სივრცეში მოვისმინე და საჯარო სივრციდან ყველას ვთავაზობთ ჩვენი პროექტების რეალიზებას.

„მაქსიმალურად მართლა მაგრად გვაქვს გათვლილი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გარღვევა მოვახდინოთ. ახალი თაობის რეფორმები გვჭირდება და მიდგომები, ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული, დაწერილი, დაანგარიშებული,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პროექტები, რომელის რეალიზებაზეც გიორგი ვაშაძე საუბრობდა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მერიასთან, ასევე საკრებულოსთან თანამშრომლობას გეგმავს „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, თენგიზ შერგელაშვილიც და მიიჩნევს, რომ, თუ კალაძის განცხადება მხოლოდ სიტყვები არაა, სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა საქმე საქმეზე მიდგება. 

„ჩვენი პროგრამა მარტო წინასაარჩევნოდ არ შევიმუშავეთ, კონკრეტულ წინადადებებს, რომელიც დამუშავებული გვაქვს, დავაყენებთ საკრებულოს და მერიის წინაშე. ჩვენ, ერთი მხრივ, შევაფასებთ მათ ინიციატივებს და ჩართული ვიქნებით გარედან მათ საქმიანობაში.  ვინ რას გაითვალისწინებს, ცარიელი სიტყვები არაფერი არაა, კონკრეტულად საქმე საქმეზე რომ მიდგება, მაშინ გამოჩნდება,“ – აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.

თბილისის განვითარების თენგიზ შერგელაშვილის ხედვა შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კახა კალაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს არც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა.  როგორც ის ამბობს, ეს დამოკიდებული იქნება თავად კახა კალაძის პოზიციაზე. 

„ჩვენი იდეები ჩვენს პროგრამაშია და ქალაქის ახალმა მერმა უნდა გადაწყვიტოს, რომელია მისთვის მისაღები. ალბათ, ბევრი რამ არის პროგრამაში, რაც მისთვის მიუღებელი იქნება და ამაზე ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ შეიძლება, ჩათვალოს, რომ რომელიმე საკითხი მისაღებია და შეიძლება, შედგეს თანამშრომლობა. მაგალითად,  ერთ-ერთ დებატებში თქვა, რომ მისთვის მისაღებია პუნქტი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, კერძოდ, აღმაშენებლის გამზირზე და ქალაქის სხვა ნაწილებში ვიზუალური სტანდარტის შეცვლასთან დაკავშირებით, კერძოდ ეს შეეხება იმას, რომ სარეკლამო წარწერები ქართულ ენაზე არც ერთი არაა განთავსებული. მე არ ვიცი, კიდევ რა იქნება მისაღები, ამაზე არ მისაუბრია მასთან,“ – განაცხადა კუკავამ.

კახა კუკავას ინიციატივები.

კალაძის კიდევ ერთი ოპონენტი, ვინც შესაძლოა, მასთან ითანამშრომლოს, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილია.  

ცესკო-ს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ელისაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ხედვები, რომელიც საარჩევნო შტაბთან ერთად შეიმუშავა, დათმოს და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს გადასცეს.

ალეკო ელისაშვილის  გეგმა თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ოპონენტები რომლებიც კალაძესთან თანამშრომლობას არ გეგმავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის, შეფასებით, ოპონენტებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით კახა კალაძეს განცხადება გულწრფელად არ გაუკეთებია.

“ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ საარჩევნო პროცესში, როგორი თანამშრომლობა შეუძლია “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ ძალებთან. ეს იყო ხელის გადაგრეხით სასურველი შედეგის დაწერა. მე ძალიან მეეჭვება, რომ ეს განცხადება გულწრფელია, ესაა განცხადება განცხადებისთვის,”  – აღნიშნა უდუმაშვილმა.

კალაძის განცხადების გულწრფელობასა და რეალობაში ეჭვი ეპარება „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიასაც. თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ განცხადების რეალურობის შემთხვევაშიც, მასთან არ ითანამშრომლებს.  

 „მე მიმაჩნია, რომ კახი კალაძის მერობა პრობლემაა ამ ქალაქისთვის,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ რუსთავი2-თან და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრობის დროს მოატყუა მან ხალხი, როდესაც საუბრობდა ტარიფების გაიაფებაზე.

კახა კალაძესთან თანამშრომლობას არ გეგმავს არც „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი, გიორგი გუგავა.

“ქურდთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ შენც ქურდი ხარ. მე თანამშრომლობა გამიგია პოლიტიკოსთან, ეკონომისტთან, კოლეგასთან, ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ ადამიანთან, ოღონდ არა ქურდთან. ქურდის თანამშრომელი არის დანაშაულის თანამონაწილე. შესაბამისად, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს მასთან თანამშრომლობის. მით უფრო, მასთან თანამშრომლობის სურვილი კარგად გამოხატა იტალიური მაფიის მამამ სილვიო ბერლუსკონიმ გუშინდელ მისალოც ბარათში,“  – განუცხადა  შალვა ნათელაშვილმა „ფორტუნას“.

ერთადერთი კანდიდატი კი, ვისაც მედიასთან ამ თემაზე საუბარი არ სურს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერია.  პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომენტარები  ჯერჯერობით  არ გაკეთდება.

 

თაკო ივანიაძე