LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი გამჭვირვალობა კონკურენციაში – მემორანდუმი გაფორმდა

69

სემეკ-სა და კონკურენციის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა მოაწერეს.

“ენერგეტიკის დარგის რეგულირება პირველ რიგში ითვალისწინებს კონკურენტული ბაზრების განვითარებას და ამ კონტექსტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლობას ისეთ უწყებებთან, როგორიც არის კონკურენციის სააგენტო. ამ თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია, რომ ჩვენ დავიწყოთ კომუნიკაცია საკითხთა ძალიან ფართო სპექტრზე, რაც მოიცავს ინფორმაციის გაცვლას, სამუშაო ჯგუფების ფორმირებას, ასევე კონკრეტულ საკითხებზე, სადაც ჩვენ ეჭვი შეგვეპარება, რომ ირღვევა კონკურენცია, აუცილებლად მოგვიწევს კონკურენციის სააგენტოს ჩართვა ამ განხილვაში”,- განაცხადა ირინა მილორავამ.

ნოდარ ხადურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რეგულირებად სფეროებში კონკურენტული გარემოს ფორმირებაზე ეროვნული კომისიები მუშაობენ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც თანამშრომლობას მოითხოვს.

“საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურენციის სააგენტო მუშაობს ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირებაზე და მის შენარჩუნებაზე, მაგრამ ე.წ. რეგულირებად სფეროებში ამას აკეთებენ ეროვნული მარეგულირებელი კომისიები, მაგრამ არის თემები, რომელზეც აუცილებელია, ყველა ორგანოს ძალიან კოორდინებული საქმიანობა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო დავაახლოვოთ ჩვენი საქმიანობა, გავცვალოთ ინფორმაციები, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ექსპერტები, იმისათვის, რათა მაქსიმალურად კონკურენტული გარემო უზრუნველვყოთ, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში, რომელიც ნამდვილად არის საქართველოს ეკონომიკის ლოკომოტივი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მემორანდუმის მიზანია საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნვა, კონკურენციის პოლიტიკის გამჭვირვალობის დაცვა და გაძლიერება, არადისკრიმინაციული წესების მართვა, რომელიც ეკონომიკის განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის არის მნიშვნელოვანი. მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლონ შემდეგი მიმართულებებით: კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, ენერგეტიკის სფეროში კონკურენციის დარღვევის ან სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და რეაგირება, სამუშაო/საკონსულტაციო შეხვედრების და სემინარების ორგანიზება, ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა და გამოცდილების გაზიარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები