LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროს მემანქანეებისათვის გაფიცვის განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა წინააღმდეგობაშია კანონთან – ომბუდსმენი

91

სახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება. სპეციალური განცხადება გავრცელდა ომბუდსმენის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა 2018 წლის 3 მაისს დაგეგმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვა მაქსიმალური ვადით – 30 დღით გადავადდა. გაფიცვის დაწყების ახალ თარიღად 3 ივნისი გამოცხადდა, თუმცა ამჯერად, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვა „სამუშაო საათებში“.

“პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს დასაქმებულის დროებით ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. სამუშაო საათების შემდეგ შრომითი ვალდებულებები დასაქმებულებს არც ეკისრებათ, რის გამოც „სამუშაო საათების შემდეგ“ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობასა და გაფიცვაზე საუბარი სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. გარდა ამისა, ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ გაფიცვის მხოლოდ ერთჯერადად, მაქსიმუმ 30 დღის ვადით გადადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ორგანული კანონი უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის მქონე აქტია და ამავდროულად, შეიცავს სპეციალურ ნორმებს უშუალოდ გაფიცვის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ ამ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გაფიცვის პრაქტიკაში რეალიზებას, ერთგვარად ილუზორულ და განუხორციელებელ უფლებად აქცევს მას.

სასამართლომ გაფიცვის შეზღუდვის გადაწყვეტილება ამჯერად სამოქალაქო საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო, რასაც წინ უნდა უსწრებდეს ვარაუდი, რომ სარჩელი (გაფიცვის უკანონოდ ცნობა) დაკმაყოფილდება. თუმცა, სასამართლო არ მსჯელობს, თუ რას ემყარება აღნიშნული ვარაუდი და გაფიცვის უკანონობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინი, რის გამოც კითხვის ნიშნები ჩნდება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში საუბარია[2] გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების განჩინების ზედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებისა და მეტროპოლიტენის პარალიზების ალბათობაზე, რაც სრულიად უგულებელყოფს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე სწორედ სააპელაციო სასამართლოს არასასურველი გადაწყვეტილების შედეგების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მეტროს მემანქანეებისათვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არღვევს გაფიცვის უფლების არსს,”- წერია განცხადებაში.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები