LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწყერი რაჭაში – სტიქიის განმეორების ალბათობა დიდია

ორი დღის წინ რაჭაში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზი აბსოლუტურად ბუნებრივ პროცესად შეფასდა. გეოლოგების თქმით, ადამიანის ბუნებასთან უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია. ვინაიდან რაჭა-ლეჩხუმის მიმდებარე ტერიტორია სტიქიის რისკზონად მიიჩნევა, გეოლოგთა თქმით, მეწყერის განმეორების ალბათობა დიდია.

ფერდობის ჩარეცხვა, დანესტიანება და მიწისძვრა – ეს მეწყერის გამომწვევ ძირითად მიზეზებად სახელდება, თუმცა სტიქია ზოგჯერ სხვა მიზეზების გამოც ვითარდება, მას ხშირად  ადამიანის ბუნებასთან უხეში ჩარევა იწვევს, ეს ჩარევა კი გზების გაყვანასთან, ფერდობზე სახლების, წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობასთან, მილგაყვანილობასა და კაბელების არხების მოწყობასთანაა დაკავშირებული.

საქართველოს რელიეფურობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არაერთი სტიქიური რისკზონა გვაქვს: კახეთის ორი მონაკვეთი – აღმოსავლეთ კავკასიონი და გომბორის ქედი. გეოლოგთა შეფასებით, არაგვის ხეობა მთლიანად ღვარცოფულ-მეწყრული პროცესების ხელშემწყობი ზონაა. შემდეგ მოდის რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, სამეგრელოს ნაწილი – გორაკ-ბორცვიანი ზოლი, შემდეგ – სამცხეს გარკვეული ნაწილი, დასავლეთ საქართველოში ამ კუთხით ერთ-ერთი უმთავრესი რეგიონი – აჭარაა.

 

რა მოხდა რაჭაში

რაჭა-ლეჩხუმი მეწყრული და ღვარცოფული პროცესების განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი კერაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ გაფრინდაშვილის, თქმით, ლიხეთის თემისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი შარშანაც ჩამოწვა.  მისივე ცნობით, 2 დღის წინ რაჭაში ჩამოწოლილი მეწყერი გენეზისიდან გამომდინარე, კლდეზვავული ტიპისაა.

მეწყერი ამბროლაური-ურავის გზაზე, მდინარის მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ლიხეთიდან 3 კმ-ის დაშორებით ჩამოწვა. აღნიშნული გზით 3 სოფლის  მოსახლეობა – ლიხეთის, აბარისა და ურავის 700-800 კომლი სარგებლობს. პროცესი 11-12 აგვისტოს ღამით განვითარდა. აღნიშნული ტერიტორია მეწყერ და ღვარცოფსაშიში ზონაა. უხვი ნალექის პერიოდში მსგავსი მეწყერები ხშირია. აღნიშნული მეწყერი აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია, ადამიანის უხეში ჩარევა ბუნებასთან არ იკვეთება,“ –  განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა „ფორტუნასთან“.

გაფრინდაშვილის თქმით, ქვათა ცვენის გამეორების ალბათობა დიდია, თუმცა მოძრაობის საგანგებო რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, მოსახლეობას არაფერი ემუქრება. გეოლოგები აღნიშნულ საკითხზე რაჭაში, ლიხეთის თემისკენ მიმავალ გზაზე ამ დრომდე მუშაობენ. აღნიშნულ ზონაში გზა პრაქტიკულად არ არსებობს. შსს-ის ცნობით, ლიხეთის თემისკენ მიმავალ გზაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ალტერნატიული გზის მშენებლობა იგეგმება.

საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ დაწესებულია მოძრაობის საგანგებო რეჟიმი. მათი ცნობით, ლიხეთის თემისაკენ მიმავალი გზა დილის 8 საათიდან გახსნილია. უწყებაში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების მიზნით საღამოს 19-დან დილის 7 საათამდე მოძრაობა შეწყდება. მათივე ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა აღნიშნულ მონაკვეთზე ქვა ამ დრომდე კიდევ ცვივა.

 

ფაქტები მეწყრების შესახებ

ისტორიული პერიოდის უდიდეს მეწყრად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პამირის მთებში, 1911 წელს ჩამოწოლილი მეწყერი მიიჩნევა, რომლის დროსაც სოფელი უსოი, თავისი 54 მცხოვრებით მთლიანად დაიმარხა. მეწყერმა გადაკეტა მდინარე მურგაბის ხეობა და წარმოიქმნა ტბა, რომელიც გაიზარდა და სოფელი სარეზი დაფარა. 

  • განსაკუთრებული კატასტროფა 1832 წლის 13 აგვისტოს მდინარე დევდორაკის ადიდებას მოჰყვა. მეწყერმა მდინარე თერგი 8 საათის განმავლობაში დააგუბა და როცა კაშხალი გაარღვია, ყველაფერი წალეკა. ამ ისტორიულ მეწყერს დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
  • 1995-2008 წლებში საქართველოში მეწყრებმა და ღვარცოფებმა 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
  • 2009 წელს რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე მოვარდნილმა სტიქიამ 12 ადამიანი შეიწირა, მაშინდელმა ზარალმა 60 მილიონი ლარი შეადგინა.
  • ამ დრომდე უცნობია 2010 წელს მომხდარი მეწყერის ზარალის ოდენობა.
  • 2011 წლის 20 ივნისს სტიქიამ რესტორან „რიკოთში“ სამი ადამიანი იმსხვერპლა.
  • 2014 წლის 17 მაისს სტიქიურმა უბედურებამ (მეწყერმა) მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
  • 2015 წლის 13 ივნისის თბილისში ვერეს ადიდების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერის ჩამოწოლა გახდა.

გეოლოგები ივნის-აგვისტოს სტიქიურად აქტიურ პერიოდად მიიჩნევენ და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

 

 

თათია კაკიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები