LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მფრინავი პარკები” – რა ზიანს აყენებს პოლიეთილენი ადამიანს

ალბათ, ყველას გვინახავს ქალაქში თუ სოფლად, ხეებზე, გზებსა და მდინარის პირებზე შეფენილი და ჰაერში “მფრინავი” პოლიეთილენის პარკები. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები ყველაზე დიდი პრობლემაა გარემოსთვის, რადგან თავის ქიმიური შემადგენლობის გამო, პლასტიკის პარკი ბუნებაში ასწლეულების განმავლობაში რჩება. ის არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. დაშლის დროს კი, ტოქსიკური ნივთიერებებით აბინძურებს ნიადაგს, მიწისქვეშა წყლებს, აღწევს საკვებ ჯაჭვში და რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას. ქარის მიერ ტოქსინები ადვილად გადაიტანება მდინარეში, ზღვაში, ტბაში, ტყეში.

პოლიეთილენის პარკები ადამიანების ჯანმრთელობასაც აზიანებს. მისგან ისეთი ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს და ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევს. პლასტიკის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, რადგან წვის პროცესში გამოყოფილი მავნე ტოქსინები აბინძურებს ატმოსფეროს. ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც კლიმატის გლობალურ ცვლილებაზეც აისახება. სტასტიკის მიხედვით, მსოფლიოში 1 წამის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება. პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები ყველაზე დიდი პრობლემაა გარემოსთვის. 

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა პოლიეთილენის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ და იციან თუ არა ახალი დადგენილების თაობაზე. ნინო ადამაშვილის აზრით, პლასტიკის პარკები ნამდვილად აწუხებს, გარდა იმისა, რომ ქარიან ამინდში „მფრინავი პარკები“ ცუდი სანახავია და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, ის საშიშია მოზარდების ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ბუნებისთვის,

„პლასტიკის პარკები წლების განმავლობაში რჩება და ფაქტობრივად, არც იშლება მიწაში და ეს ყოველმხრივ საშინელი რამ არის. ძალიან გაგვეხარდება, თუ სახელმწიფო და ბიზნესი ამაზეც დაიწყებს ფიქრს, რეალურად იმოქმედებს და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რათა მომავალი თაობა დავიცვათ უამრავი დაავადებისგან და გავუფრთხილდეთ გარემოს,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ნინო ადამაშვილი. 

ქეთი გომართელი ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ინფორმაციის დეფიციტზე ამახვილებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სამსახურეობრივად ინფორმაციასთან წვდომა მაქვს, სამწუხაროდ ახალი ინიციატივის შესახებ თქვენგან გავიგე. ჩვენ ნაკლებად გვაქვს კულტურა პოლიეთილენის პარკების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია, აზიანებს გარემოსაც. კარგია თუ პირველ რიგში ჩვენსავე ჩვევებს განვავითარებთ და ასევე, კარგია კომპანიები თუ ამ მიმართულებით დაიწყებენ ფიქრს. ფაქტია, რომ საჭიროა გარკვეული კამპანიებიც ჩატარდეს ამ მიმართულებით. როგორც მე ვიცი, ძალიან დიდი დრო სჭირდება ბუნებას ამის გადასამუშავებლად, რამდენიმე ათეული წელი და თუ ამას გავუფრთხილდებით და ასევე სწორად მოვიხმართ, სწორ ურნას მივუჩენთ კარგი იქნება,“ – ამბობს ქეთი გომართელი.

ევროკომისიის მიერ 2013 წელს შედგენილი დირექტივისა და ევროპარლამენტის მიერ 2014 წელს გამოცემული აქტის თანახმად, პოლიეთილენის პარკების, რომელთა სისქეც 50 მიკრონზე ნაკლებია, 2017 წლის ბოლოსთვის 50%-ით, 2019 წლის ბოლოსთვის კი, 80%-ით შემცირებაა დაგეგმილი. ასევე, სამინისტროში პროექტმა ყველა ძირითადი ეტაპი გაიარა და ახლა საბოლოო დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი, დადგენილება მთავრობას დასამტკიცებლად წარდგინება.

რა რეგულაციები დაწესდება ამ თემაზე, „ფორტუნა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტს, თამარ ლოლაძეს ესაუბრა.

„სამინისტროში არის შემუშავებული პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიზანია, ბუნებრივად პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება. ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული 15 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები იქნას აკრძალული, ხოლო 2019 წლის პირველი აპრილიდან უკვე აიკრძალება 50 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები,“ – განმარტავს თამარ ლოლაძე. 

მისივე განცხადებით, სრულად აიკრძალება ოქსო-ბიოდეგრადირებადი პარკები, ეს იგივე პლასტიკის პარკებია, მაგრამ უფრო მცირე ნაწილებად იშლება და კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. თუმცა, შემოდის ახალი სტანდარტი ბიოდეგრადირებადობის შესახებ, რაც ევროკავშირის შესაბამის სტანდარტთან სრულ შესაბამისობაშია და თუ ბიოდეგრადირებადი პარკი ამ სერთიფიკატის და სტანდარტის შესაბამისი არ იქნება, მისი იმპორტი და რეალიზაცია ქვეყანაში ვერ განხორციელდება.

„ჩემი აზრით, მოსახლეობას ამ აკრძალვით უნდა მიეცეს მოტივაცია, რომ მრავალჯერადად იქნას ეს პარკები გამოყენებული, გადავიდეთ  ბიოდეგრადირებადზე ან ტექსტილის ჩანთებზე და ამათი მოხმარება წავახალისოთ. გარდა ამისა, დავიცავთ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.

ამ რეგლამენტის შემუშავების პროცესში ძალიან აქტიურად იყო ბიზნესი ჩართული, როგორც პლასტიკის იმპორტიორები, ასევე პოლიეთილენის ადგილობრივი მწარმოებლები, ასევე დიდი სუპერმარკეტების ქსელებთანაც არა ერთი შეხვედრა გვქონდა და ყველა მათგანი გამოთქვამს მზაობას, რომ შემოვიდეს ეს ტექნიკური რეგლამენტი, მათ ამისთვის გარკვეული დროც კი მოითხოვეს, რათა ქარხნებისა და დანადგარების გადაწყობას დრო სჭირდებოდა.  მათ აქვთ დრო, ეს სტანდარტი დაიმტკიცონ და შესაბამისი პარკების წარმოება დაიწყოს ქვეყანაში,“  – აცხადებს თამარ ლოლაძე.

 

პლასტმასის ბოთლებსა და პოლიეთილენის პარკებთან ბრძოლას მსოფლიოს განვითარებულ ნაწილთან ერთად, საქართველოც იწყებს. ამ საკმაოდ სერიოზული, ჯანმრთელობისთვის საშიში პრობლემის მოგვარება თითოეული მოქალაქის შეგნებასა და ინფორმირებულობაზეც არის დამოკიდებული. ასევე ბიზნესზე, რამდენად შეძლებს ახალ მოდელზე გადასვლას.

ნუცა სალუქვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები