LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგზავრების“ კონცერტი პეტერბურგში და წუთიერი დუმილი, რითაც 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს (ვიდეო)

171

„მგზავრების“ 9 აპრილს დაგეგმილმა კონცერტმა პეტერბურგში ქართველი საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა იმის განხილვა, უნდა გაემართათ თუ არა კონცერტი ქართველებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს „მგზავრებს“ რუსეთში. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნე დიდ ხნით ადრე იყო დაგეგმილი და 9 აპრილის კონცერტიც დანიშნული, თუმცა ცალკე 9 აპრილის კონცერტის შესახებ ქართულმა მედიამ ინფორმაცია მცირე ხნის წინ გაავრცელა.

სხვადასხვა გვერდზე ინტერნეტში ჯგუფს დიდი კრიტიკა შეხვდა. ამასთან, პროტესტის გამოსახატავად სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა სხვადასხვა ცნობილმა ადამიანმაც.

„მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის დამ, ნინიმ კრიტიკას უპასუხა და დაწერა, რომ ჯგუფი ამ დღის აღსანიშნავად სპეციალურ პერფორმანსს ამზადებდა.

დღეს დილით, ადრე, ინტერნეტში გავრცელდა ამონარიდი კონცერტიდან, სადაც გიგი დედალამაზიშვილი სიტყვით გამოდის და ამბობს:

„ჩვენთვის ეს თარიღი ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ ეს დღე საქართველოს ისტორიისთვის, ბოდიში, ძალიან ვნერვიულობ… დიდი დღეა. 1989 წელს, აპრილში დაიწყო მიტინგები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ყველა ჩვენგანის ოჯახები იქ იყვნენ. 8 აპრილს ხალხს უთხრეს, რომ არმია გამოვიდოდა და მათ დაარბევდნენ. ისინი დარჩნენ, მივიდა არმია და უამრავი ადამიანი დაიღუპა, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის…

დღეს ამ დღიდან 27 წელი გავიდა. 30 წლის ვარ, მაშინ 3 წლის ვიყავი. გავუგზავნოთ თბილისსა და საქართველოს თანაგრძნობა და სიყვარული, თქვენი ნებართვით, წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი გმირების ხსოვნას“.

დარბაზმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულებს. შემდეგ კი აპლოდისმენტები გაისმა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები