LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ბატიაშვილმა მანდატურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

95

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდება.

როგორც “ფორტუნას” სამინისტროში განუცხადეს, სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ მეიფარიანი თანამდებობიდან 18 სექტემბერს გათავისუფლდა.

ამ დროისთვის მეიფარიანის ადგილის დასაკავებლად 43 კანდიდატი იბრძვის. კონკურსის პირობების თანახამად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა და მაგისტრის ხარისხის დიპლომი. მისი ანაზღაურება 4000 ლარი იქნება. გამოსაცდელი ვადა კი 6 თვეა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებების გარდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თანამდებობიდან გადააყენა თავისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია. ასევე, მისივე გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვეს: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 12 სამსახურიდან 5-ს ხელმძღვანელი არ ჰყავს.