LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე – გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დადგეს

111

გერმანიის მთავრობის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომ არ დადგეს დღის წესრიგში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, 5-6 მარტს დაგეგმილი სამუშაო ვიზიტი დასტურია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიყენონ შესაბამისი პირობები, რომელსაც მათ გერმანიის, საფრანგეთის და საქართველოს მთავრობები სთავაზობენ.

საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად. ”როგორც კი კითხვები გაჩნდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, მაშინვე დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა, მყისიერად გადავდგით ნაბიჯები. სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოში ჩამოვა გერმანიის შესაბამისი უწყების წარმომადგენლობა და საქართველოში განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს, რომ არ დადგეს დღის წესრიგში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. გერმანიისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზებული პროგრამები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან ევროკავშირის ქვეყნებში, რათა დაბრუნდნენ საქართველოში. მათ ხელს უწყობს როგორც გერმანიის, საფრანგეთის, ასევე ჩვენი ქვეყნის მთავრობა, რომელთაც სპეციალური პროგრამები აქვთ რეინტეგრაციის და მათი საქართველოში შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

5-6 მარტს საქართველოში გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს გამართავენ, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება გერმანიიდან საქართველოში იმ მოქალაქეების დაბრუნება, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან. ასევე, რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთავრობამ ქართველ არალეგალებს 3 000 ევროს კომპენსაცია შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტენ. მსგავსი შეთავაზება აქვს საფრანგეთის მთავრობასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები