LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო

59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის ინიციატივით ავსტრიის ქ. მაუერბახში გაიმართა. არაფორმალური მინისტერიალი მთლიანად იყო ფოკუსირებული ეუთო-ს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორგანიზაციის ფარგლებში არსებული კონფლიქტების, მიგრაციის, ტერორიზმის, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვის საკითხებზე.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებზე ეუთო-ს წევრი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ და აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტით თუ ყირიმის ანექსიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, საერთაშორისო წესრიგს და რუსეთის ეს პოლიტიკა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ევროპაში.

ეუთო-ს არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის ბოლო განვითარებებზე, რაც უკავშირდება ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვას და „ბორდერიზაციას“. საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

„რუსეთის ფედერაცია, უკანონო მილიტარიზაციის ინტენსიური პროცესის კვალდაკვალ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანმიმდევრულ შთანთქმას ახორციელებს, რაც პირდაპირ სამხედრო საფრთხეს უქმნის საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ჩვენს შეშფოთებას კიდევ უფრო აღრმავებს მოსკოვის გამუდმებული უარი, საქართველოს მსგავსად, იკისროს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, ასევე ჟენევის დისკუსიებზე მისი ანტაგონისტური დამოკიდებულება ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება. უფრო მეტიც, ოკუპანტი ძალა ცდილობს ამ რეგიონების საქართველოსგან კიდევ უფრო იზოლირებას ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გზით. ეს პროცესი ახლაც გრძელდება”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი აქტიურად დგას როგორც თავად ორგანიზაციის ასევე, ეუთო-ს არაფორმალური მოლაპარაკებების დღის წესრიგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები