LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი – მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც არ გაიყიდა, სანამ დროა გავერთიანდეთ, გვერდზე გადავდოთ ყველა განსხვავება

37

მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც არ გაიყიდა, სანამ დროა გავერთიანდეთ, გვერდზე გადავდოთ ყველა განსხვავება, ჩვენ გამოგვივა დიდი ცვლილებები წელს, – აღნიშნული განცხადებით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს, რომელმაც გუშინ მორიგი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.

სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მტერი და ქვეყანა არის განადგურების საფრთხის წინაშე.
ვიდეო-მიმართვაში სააკაშვილი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესსაც ეხმაურება. “საქართველოში დიდი ეკოლოგიური უბედურება ხდება. ამბობენ, რომ ამას ივანიშვილი საკუთარი ჯანმრთელობისთვის აკეთებს – მას უნდა საკუთარი ჯანმრთელობა სხვა ქართველების ჯანმრთელობის ხარჯზე. ისევე, როგორც მან შემოღობა ახალ-ახალი მიწები საქართველოში. ის და მისი ოჯახი იღებს ახალ-ახალ ქონებას უფასოდ ყველა სხვა ქართველის ხარჯზე. მე ჩემმა მეგობარმა, არაბმა შეიხმა დაბადების დღეზე რამდენიმე ათეული ათასი უნიკალური პალმის ხე მაჩუქა. ეს ხეები შეგიძლიათ ყოველდღე ნახოთ. 30 ათასი ხიდან ერთი ხე არ წამიღია სახლში, ისევე, როგორც ჩემი პრეზიდენტობის შედეგად არაფერი ქონება არ დამრჩენია. მიხაროდა, რომ ეს ყველაფერი ქართველ ხალხს ეკუთვნოდა. ჩემი ფსიქოლოგია და ფილოსოფიაა, რომ ადამიანი არის იმისთვის, რომ სხვებს გაუკეთოს რაღაცა და თავისთვის არაფერი გაიკეთოს, თუ ხარ პოლიტიკაში. მიხაროდა, რომ ეს იყო ანაკლიის ბულვარი, ბათუმის ბულვარი, ქუთაისი, სიღნაღი. ეს აუცილებლად იქნება მომავლშიც! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. ეს არის განსხვავება ჩვენს ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას შორის – ჩვენ გვინდოდა საჯარო სივრცე, ყველაფერი ხალხისთვის. მაგალითად, ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა – ყველა ქართველს უნდა ჰყოლოდა ამერიკელი მასწავლებელი. პროგრამა ივანიშვილმა ეგრევე დახურა, რადგან მარტო მის შვილებს და მათ წრეს შეიძლება ჰყავდეთ კარგი მასწავლებელები, მარტო მათ შეიძლება ჰქონდეთ კარგი შემოსავლი. ამასობაში დიდი უბედურება ხდება. გუშინ ისევ დაგვეღუპა მეშახტეები ტყიბულში, რადგან თვეში დამატებით 50 ლარი ენანებათ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როცა ხეების და ათასგვარ აკვიატებაზე წარმოუდგენელი რაოდენობის ფული იხარჯება. ივანიშვილი არის საქართველოს მტერი და საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე. მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც არ გაიყიდა, სანამ დროა გავერთიანდეთ. გვერდზე გადავდოთ ყველა განსხვავება. ჩვენ გამოგვივა დიდი ცვლილებები წელს და საქართველოს დახსნა დაცლისგან, განადგურებისგან, რუქიდან გაქრობისგან. ამის საფრთხე რეალურია. ძალიან დიდი ხანია ასეთი საფრთხე საქართველოს წინაშე არ ყოფილა, მაგრამ თუ ჩვენ ამას გავიაზრებთ, აუცილებლად გადავარჩენთ ქვეყანას. ჩვენ ეს გამოგვივა!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები