LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მილიონერი“ ქართველი „იუთუბერები“ – ვის კლიპს აქვს 2 მლნ-ზე მეტი ნახვა

422

ინტერნეტი არა მხოლოდ ქართველი არტისტებისთვის, მაგრამ ამ ბოლო წლებში მათთვისაც, საკუთარი ნამუშევრების დემონსტრირებისა და მსმენელის მხრიდან რეაქციის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება, თავისუფლად ითქვას, რომ ის, რაც დღეს ქართულ ინტერნეტშია პოპულარული, ჯერჯერობით ტრადიციული მედიისგან იგნორირებულია, თუმცა ალბათ, დროთა განმავლობაში, ჯეროვან ყურადღებას მიიპყრობს მათგანაც. მანამდე კი, არტისტების ნაწილი საკუთარ თავს სწორედ „იუთუბისა“ და სოცქსელების საშუალებით აცნობს და აყვარებს მსმენელს.

გადავწყვიტეთ, გადაგვეთვალიერებინა „იუთუბის“ ქართული ნაწილი და გვენახა, რომელი არტისტების ვიდეორგოლებს აქვს ორ მილიონზე მეტი ნახვა. აღსანიშნავია, რომ ძირითადად, ახალ ნამუშევრებზე გავაკეთეთ აქცენტი, თუმცა ჩამონათვალში რამდენიმე ძველი კლიპიც არის. ყურადღება გავამახვილეთ მხოლოდ კლიპებზე, თუმცა ზოგიერთ სიმღერას, რომელზეც კლიპი არ არსებობს, ორ მილიონზე გაცილებით მეტი ნახვაც აქვს… აღსანიშნავია, რომ რამდენიმე არტისტის კლიპს მილიონზე მეტი ნახვა აქვს, თუმცა ჯერ ორ მილიონამდე არ მისულა, ასე რომ ჩვენს სიაში ვერ მოხვდნენ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – სიის შედგენისას თვალში მოგვხვდა ტენდენცია, ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ ქართველი რეპერები, ჰიპ-ჰოპი საქართველოში ახალ სიმაღლეზე ავიდა და ამაზე შეგიძლიათ ჟანრის არტისტების მილიონს მიახლოებული და მილიონს ზღვარს გადაცილებული ვიდეოებითაც იმსჯელოთ.

BERA – Parlez-Vous Français
24,034,525 ნახვა

ბერა ივანიშვილის ვიდეოებს „იუთუბზე“ კარგა ხანია, ორ მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა. მათ შორის გამორჩეული ნამუშევარია კლიპი, რომელიც მცირე ხნის წინ გამოუშვა ფრანგულენოვან სიმღერაზე და შემოქმედების თაყვანისმცემლების გარდა, სხვა მსმენელიც დააინტერესა.

მასტერი – „დამსინა“
8,548,427 ნახვა

რეპერ გიორგი პავლიაშვილს, იმავე მასტერს უამრავი კლიპი დაუგროვდა, მათ შორის ყველაზე რეიტინგული „იუთუბზე“ არის ჰიტი „დამსინა“, რომელსაც რვა მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მასტერის რამდენიმე კლიპი ასევე კარგა ხანია, გადაცდენილია ორმილიონიან ზღვარს.

„ბირჟა მაფია“ –„შავი ზედა“

5,779,796 ნახვა

ამ კლიპის ისტორია, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იცის. სწორედ ამ ვიდეორგოლს, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული, აბრალებდნენ რეპ-დუოს წევრების დაკავებას. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი ნარკოტიკების გარკვეული ოდენობით დაიჭირეს, აქციების შემდეგ კი, ისინი გაათავისუფლეს. როგორც ბიჭები აღნიშნავდნენ, მათ ნარკოტიკული საშუალებები პოლიციელებმა ჩაუდეს…

„რეზო და ბავშვები“ – „მეგობარო“

5,310,880 ნახვა

„რეზო და ბავშვების“ ეს კლიპი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში და საკმაოდ მოკლე დროში უამრავი ნახვა და მსმენელის დადებითი ემოცია დააგროვა. ჯგუფი მუდმივად აქტიურია და თაყვანისმცემლებს სიახლეებს სთავაზობს.

Sf-x – „ჩემი ქალაქი“

4,596,866 ნახვა

Sf-x რეპერ ზაზა ნოზაძის სცენური სახელია. ქართული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ გამორჩეულ სახეს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ამაში თავად დარწმუნდებით, თუკი მისი „იუთუბის“ არხს თვალს გადაავლებთ. მისი რამდენიმე კლიპი მილიონიან ზღვარს მოკლე ხანში გადასცდა. „ჩემი ქალაქი“ კი ჰიპ-ჰოპ პროექტის ფარგლებში ჩაიწერა და მისი ნახვები მალე ხუთმილიონიან ზღვარს გადალახავს. ზაზას ახალი ვიდეო აქვს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოუშვა და „იუთუბის“ ტრენდინგში ამჟამად მეორე ადგილზეა, სიმღერის სახელწოდებაა Overdose.

„პანდა“ – „დუპც ტაპც“!

3,484,254 ნახვა

„პანდა“ ქართული მუსიკალურ-სოციალური პროექტია, რომელმაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ეს მისი კლიპების ნახვებსაც, რასაკვირველია, დაეტყო და შედეგად, ჩვენს ჩამონათვალშიც დაიკავა საპატიო ადგილი.

„სახე“ – „ჩემო თბილის-ქალაქო“

3,427,608 ნახვა

ჯგუფ „სახის“ კოლაბორაცია „Bithard“-თან ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. წინასაარჩევნოდ თბილისზე გამოსულ კლიპს აქტუალურობა ახლაც არ დაუკარგავს. „სახის“ მონატრებულ ჰანგებზე ცეკვა სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მოახერხა.

https://www.youtube.com/watch?v=r9Sf-4NRBHg

გიგა აგლაძე – „ლამაზი დღე“

2,654,349 ნახვა

გიგა აგლაძის სიმღერა „ლამაზი დღე“ თავის დროზე, როცა ის გამოვიდა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა რადიოსივრცეში. არც კლიპმა შეაფერხა მისი პოპულარობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ძველი სიმღერაა, „იუთუბზე“ნახვების რაოდენობით ჩვენი სიის ნაწილი გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=fJ3eh7Yasfg

New One – Artificial love

2,564,915 ნახვა

Artificial love სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის ძველი სიმღერაა, რომელიც ჯგუფმა New One ახლებურად წარმოადგინა და ძალიან განსხვავებული, რიტმული ვერსიით წარმოუდგინა საზოგადოებას. კლიპის გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი დიდხანს არ ცხრებოდა. სიმღერის ახალი ვერსიის წყალობით, ჯგუფმა ფართო პოპულარობა მოიპოვა.

სტეფანე – „დამიბრუნდი“

2,543,545 ნახვა

სტეფანემ სცენაზე და შოუბიზნესში დასაბრუნებლად საინტერესო ხერხი გამოიყენა და თავისივე ძველი კომპოზიცია გადააკეთა, რამდენიმე ცნობილ მუსიკოსთან ერთად მან „დამიბრუნდი“-ს ორიგინალური ვარიანტი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო, რითაც მსმენელის გული კიდევ ერთხელ მოიგო.

სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი – „ერთხელ წვიმიან ქალაქში“

2,201,784 ნახვა

სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი დიდი ხნის მეგობრები არიან. მათ წლების განმავლობაში სურდათ დუეტის ჩაწერა, მაგრამ ვერ მოახერხეს, თუმცა ლოდინი ამად ღირდა. მომღერლების ერთობლივმა სიმღერამ და კლიპმა, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, „იუთუბზე“ მოკლე დროში ორ მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

ანრი ჯოხაძე და ვერიკო ტურაშვილი – „ჰავა ნაგილა“

2,189,828 ნახვა

ანრი ჯოხაძე და ვერიკო ტურაშვილი ასევე დიდი ხნის მეგობრები არიან. მათმა ჩაწერილმა ძველმა ებრაულმა სიმღერამ „იუთუბზე“ პოპულარობა მოიპოვა. კლიპი თავად ანრიმ გადაიღო.

ჯგუფი „ყველა“ – „სამშობლო“

2,061,431 ნახვა

ჯგუფის „ყველა“ ექსპერიმენტულმა პროექტმა, შეიძლება ითქვას, გაამართლა. მუსიკოსების კომპოზიციამ „სამშობლო“ მსმენელის ყურადღება მიიპყრო, კლიპმა კი საკმაოდ დიდი ოდენობით ნახვა დააგროვა.

მერაბ სეფაშვილი და „ვაკის პარკი“ – „როცა მოგწყინდება“

2,047,687 ნახვა

„ვაკის პარკისა“ და მერაბ სეფაშვილის ეს სიმღერა, ალბათ, უამრავი ადამიანისთვის ძალიან ნოსტალგიურია. „როცა მოგწყინდება“ გამოსვლის დღიდან ბევრისთვის საყვარელი სიმღერა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეორგოლი ძველია, მან მაინც მოახერხა ორ მილიონზე მეტი ნახვის შეკრება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები