LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მილიონი ხე“ და „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ – ხელისუფლების კანდიდატების ძველი და ახალი დაპირებები

ზუსტად 10 დღე თბილისის მერობის არჩევნებამდე –  წინასაარჩევნო დაპირებების კორიანტელში რიგითი ამომრჩევლისთვის რთულია, გაარჩიოს,  რას ჰპირდება მერობის კანდიდატი ისეთს,  რასაც მისივე გუნდის წევრი არ ჰპირდებოდა,  ან რომელი დაპირება გაიმეორა საარჩევნო პროგრამაში.

დავით ნარმანია თბილისის მოსახლეობამ ქალაქის მერად 2014 წლის 12   ივლისს აირჩია . „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი  მაშინ თბილისელებს რამდენიმე მიმართულებით აძლევდა დაპირებებს. პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა:  თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მიუსაფარი ადამინების დახმარება, დევნილთა პრობლემები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და ქალაქის გამწვანება.

 

ეკოლოგია  – „მილიონი ხე“

დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებებს შორის ყველაზე პოპულარული „მილიონი ხის“  პროექტი იყო.

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ეკოლოგიაზე ზრუნვა,  ქალაქის გამწვანება და ამ მიზნის მისაღწევად მილიონი ხის დარგვა იყო დაგეგმილი.

დარგო თუ არა დავით ნარმანიამ მილიონი ხე, ეს დღემდე  კამათის საგნად რჩება, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა კი კვლავ დღის წესრიგშია. მოსახლეობას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას  ამჯერად უკვე კახა კალაძე ჰპირდება  და ამ კუთხით არა მილიონი ხის დარგვას, არამედ უკვე არსებული სკვერების და დიდი პარკების  განვითარებაზე აკეთებს აქცენტს.

2014 წელს მერობის კანდიდატი, დავით  ნარმანია, მდინარე მტკვრის რეკრეაციულ ზონად გამოცხადებასაც  გეგმავდა.

გასუფთავდება მდინარე მტკვარი, არსებობს მისი ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მტკვარი სარეკრეაციო ზონად გამოცხადდება,“ – ამბობდა მერობის კანდიდატი.

გეგმის მიხედვით, თბილისის შესასვლელ ნაწილში გაკეთდებოდა ნაგავდამჭერი სპეციალური მოწყობილობა, რათა ნარჩენები დედაქალაქის ტერიტორიაზე არ შემოსულიყო. სანაპიროზე მოეწყობოდა მწვანე საფარი და საველოსიპედე ბილიკი. მიუხედავად იმისა, რომ მტკვარზე ინფრასტრუქტურა  მმართველობის დასასრულს ჯერ კიდევ არ არის განვითარებული,  ეს თემა აღარ არის ასახული მერობის ახალი კანდიდატის პროგრამაში.

კახა კალაძე მოსახლეობას მტკვრის სისუფთავეზე ზრუნვას ჰპირდება,  თუმცა განაშენიანების თვალსაზრისით, აქცენტს სხვა ტერიტორიებზე აკეთებს. მაგალითად,  რადიოქარხნის ტერიტორიის განაშენიანება და  რადიოქალაქად ქცევა,  ვერეს ხეობის და თბილისის ზღვის სარეკრეაციო ზონად განვითარება.

 

ტრანსპორტი

ამჟამინდელი მერის პროგრამაში საკვანძო საკითხი მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება იყო.  დავით ნარმანია მოსახლეობას ისეთი  ეფექტური სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჰპირდებოდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირებისა და ნაკლებმობილური ადამიანების სამგზავრო მომსახურებაზე იქნებოდა მიმართული.  

საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემა მოსახლეობისთვის დღესაც პრობლემატურია,  საკითხს აქტუალობა არ დაუკარგავს და მერობის ახალი კანდიდატის პროგრამაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ქუჩების განსატვირთად და საცობების შესამცირებლად  კალაძე მაშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს. მაგალითად, ახალი ხიდი მტკვარზე, რომელიც მარშალ გელოვანის ქუჩას სამტრედიის ქუჩას დაუკავშირებს.

აღსანიშნავია,  რომ ამ ხიდის საკითხი დღის წესრიგში არამარტო ნარმანიას, გიგი უგულავას მერობის დროსაც იდგა და პერიოდულად აქტიურდებოდა.

დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებები მრავალსართულიანი პარკირების განვითარებასაც მოიცავდა.  თუმცა, ეს საკითხი მისი მერობის დასასრულსაც პრობლემად დარჩა.   

კახი კალაძე ამომრჩევლებს მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის განვითარებას და ნარმანიას მსგავსად, „სითი პარკის“ ყბადაღებული პრობლემის მოგვარებას კიდევ ერთხელ ჰპირდება.

 

სოციალური სფერო

სოციალური სფერო და ჯანდაცვა საარჩევნო პროგრამის საკვანძო ნაწილია.  ამ მიმართულებით 2014 წელს მერობის კანდიდატი, დავით ნარმანია, მოსახლეობას ჰპირდებოდა,  რომ 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 800 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავდა.  განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დაეთმობოდა და ასეთი ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებდა.

500 ლარის თემა კალაძის პროგრამაშიც  რჩება ძალაში და ამას  სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის 18 წლამდე ყოველთვიური დახმარება ემატება.  სოციალური პროგრამების მიმართულებით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი  40 მლნ. ლარის დახარჯვას გეგმავს.

2014 წელს თბილისი მერის კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება იყო.

გარევაჭრობასთან ბრძოლა ნარმანიას მერობის პერიოდში  ხმაურიანად მიმდინარეობდა,  თუმცა საკითხი დღეს  ნაწილობრივ მოგვარებულად ითვლება და შესაბამისად, გარევაჭრობა კახი კალაძის საარჩევნო პროგრამაში საერთოდ აღარ გვხვდება.

 

რატომ მეორდება ზოგიერთი საარჩევნო დაპირება?  

მერობის  დასრულების შემდეგ დავით ნარმანია ამბობს, რომ  არსებითად შეუსრულებელი დაპირება არა მაქვს, გარდა ერთისა – ეს არის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტი მზად არის, ტერიტორია შერჩეულია, უბრალოდ, გამომდინარე ფინანსური რესურსების შეზღუდულობიდან, ვერ შესრულდა პროექტი.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ჩვენი გუნდის მერობის კანდიდატის პროგრამაში ახალგაზრდებზე ზრუნვას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სხვა დანარჩენი და არსებითად შეუსრულებელი დაპირება მე არ მაქვს,” – ამბობს დავით ნარმანია.

როგორც „ფორტუნას“ კახა კალაძის პრესსამსახურში განუცხადეს, საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები კვლევებითა და გამოკითხვებით გამოვლინდა.

კახა კალაძის პროგრამაში ყველა იმ პრობლემის გადაჭრის გზები არის შესული, რომელიც თბილისს და თბილისელებს აწუხებს. იგივე საკითხებზე, რასაკვირველია, აქცენტები იყო დავით ნარმანიას საარჩევნო პროგრამაშიც, თუმცა ქალაქი ვითარდება და კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს ,“ – აცხადებენ კალაძის გუნდში.

 

 

თამუნა გოგუაძე 

პოპულალურები