LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმტანმა მენიუ მაგიდაზე დაგვიგდო: როგორ ხვდება ბათუმი სეზონს

306

მიმტანი, რომელიც არ იღიმის, არასწორად მიტანილი ანგარიში – ბათუმის კვების ობიექტების დიდი ნაწილის მომსახურებით დამსვენებლები უკმაყოფილოები არიან.
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ბათუმში დამსვენებლების რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს. კლიენტების რიცხვმა იმატა ბათუმის კვების ობიექტებშიც. დამსვენებლები კატასტროფულად მაღალ ფასებს უჩივიან, მომსახურება კი ფასის შესაბამისი არ არის.
ატყუებს თუ არა რესტორნის პერსონალი კლიენტს

ბათუმის ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ რესტორანში რამდენიმე დღის წინ არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. რესტორნის მომსახურე პერსონალმა კლიენტების მოტყუება (?) სცადა და ანგარიში არასწორად მიუტანა.

”ანგარიშში 3 ბოთლი ლუდის საფასური იყო მითითებული, ლუდი არ შეგვიკვეთავს, შესაბამისად პრეტენზია გამოვთქვი. კარგია, რომ შენიშვნა მიიღეს და ანგარიში შეგვისწორეს ” – ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი დამსვენებელი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კლიენტმა ანგარიშს ყურადღება მიაქცია, თუმცა კვების ობიექტებში მსგავსი ფაქტები ყოველდღიურად ხდება. ხშირად, კლიენტები არ აკვირდებიან მათთვის მიტანილ ანგარიშს და რამდენიმე ლარით ზედმეტს იხდიან. მომსახურე პერსონალისთვის საყვედურის თქმა კონფლიქტითაც დასრულებულა.

”ერთ-ერთ კაფეში სასაუზმოდ შევედი მეგობრებთან ერთად. მენიუ მოვითხოვეთ, რაღაცაზე გაბრაზებულმა მიმტანმა მენიუ მაგიდაზე დაგვიგდო. რა თქმა უნდა, პრეტენზია გამოვთქვით, რასაც ჩხუბი მოჰყვა, საბოლოოდ კი კაფის ადმინისტრაციამ მიმტანს მხოლოდ საყვედური უთხრა”, – აღნიშნა ”ფორტუნასთან” ერთ-ერთმა დამსვენებელმა.

 

ტექნიკური შეცდომისგან დაზღვეული არავინ არ არის

”ჩვენ უკმაყოფილო მომხმარებლები არ გვყავს” – ”ფორტუნა” ბათუმის რამდენიმე კვების ობიექტს დაუკავშირდა. თითქმის ყველასგან ერთი პასუხი მივიღეთ.
განსხვავებული პასუხი მხოლოდ იმ კვების ობიექტის მენეჯერს ჰქონდა, სადაც არასწორად მიტანილი ანგარიშის გამო კლიენტებმა პრეტენზია გამოთქვეს.

”ჩვენი ობიექტი ბათუმში პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურე პერსონალს სისტემატიურად ვუტარებთ ტრენინგებს, შეცდომისგან დაზღვეული არავინ არ არის. როდესაც ერთ მაგიდას რამდენიმე მიმტანი ემსახურება, ანგარიშში შეცდომა შეიძლება გაიპაროს, თუმცა ეს განგებ ნამდვილად არ ხდება” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში რესტორნის მენეჯერმა.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომსახურე პერსონალის გადამზადება ხდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2015 წელს კვების ობიექტებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომსახურე პერსონალის გადამზადება დაიწყო.

”კვების ობიექტების მენეჯერები მომსახურე პერსონალს თავად არჩევენ და ჩვენ ვატრენინგებთ. ეს სავალდებულო არ არის, თუმცა 2015 წლიდან დღემდე დაინტერესებულთა რიცხვი თანდათან გაიზარდა, შედეგებიც პოზიტიურია ” – აღნიშნავენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

 

სერვისის შეთავაზება, ტურისტებთან ურთიერთობა, ანტისანიტარული ნორმების დაცვა – მომსახურე პერსონალს ტრენინგები რამდენიმე კუთხით უტარდება.
ტურიზმის დეპარტამენტის სერვისით სარგებლობა ნებისმიერ კვების ობიექტს შეუძლია.

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები