LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ვაღიარო, რომ ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე – პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებული

102

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ერთერთი ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი საქმეს ფალსიფიცირებულს უწოდებს.

შიუკაშვილი ამბობს, რომ 2016 წელსაც სწორედ არჩევნების წინ წაუყენეს ბრალი.

“მაინტერესებს, არჩევენამდე ორი კვირით ადრე, რატომ ხდება ყველაფერი და რატომ მიყენებთ ბრალს?! 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იყო და ორი კვირით ადრე 26 მაისის საქმეზე წამიყენეთ ბრალი. 2 წელია საქმე სასამართლოში განიხილება და 20 მოწმეა მხოლოდ დაკითხული, მთავარი დამნაშავე და დამრბევი კი გარეთაა. ახლა ეს ბრალი და აგერ 11 დღეში კიდევ არჩევნებია. ყველაფერი ფალსიფიცირებულია და თქვენ ყველაფერზე მოგეთხოვებათ პასუხი ძალიან მალე.

მინდა ვაღიარო მარტო ერთი რამ – ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს. როდის წამიყენებთ ამაზე ბრალს?“ – მიმართა პროკურორებს რევაზ შიუკაშვილმა.

ამ წუთებში სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერაბაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავა-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები