LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდელის მაღაროს დირექტორი: შახტში უსაფრთხოების სისტემა გამართული იყო

95

შახტში უსაფრთხოების სისტემა გამართული იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ მინდელის შახტის დირექტორმა, აკაკი ახვლედიანმა განუცხადა.მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, დადგება თუ არა შახტში გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ახვლედიანი ტყიბულში, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე თითქმის რვა საათი იმყოფებოდა.

„გამომძიებლების ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხეთ. ჩვენ მზად ვართ და არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, – განაცხადა ახვლედიანმა.

რაც შეეხება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ პოზიციას მინდელის შახტის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი, ისევე როგორ მეშახტეთა ხელფასების თემა, მის კომპეტენციაში არ შედის.

ამასთან, ახვლედიანის თქმით, მეშახტეთა დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ შახტშია დასაქმებული.

„ქალაქში აბსოლუტურად ყველა დამოკიდებულია ამ საწარმოზე. ერთი საწარმო მუშაობს გამართულად, ნამდვილად ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქში ცხოვრება იყოს“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

პოლიციაში ასევე გამოიკითხნენ შახტის მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე და უბნის უფროსი მურად აბულაძე.

ტყიბულში, მინდელის შახტში გუშინ ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები