LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში გარკვეული პირების შეცდომა იკვეთება – „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი

82

კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში გარკვეული პირების შეცდომა იკვეთება. ჯამბულ ჯაყელის თქმით, შახტში აფეთქებისას ხალხი სათანადო მანძილზე არ გაიყვანეს.

„არ მოხდა აფეთქების ზონიდან ხალხის სათანადო მანძილზე გაყვანა. ცვლის უფროსის, ცვლის ინჟინრის, უსაფრთხოების ინჟინრისა და ამფეთქებლის ოსტატის შეცდომა იკვეთება, რადგან არ იყვნენ დარწმუნებული აფეთქების უსაფრთხოებაში,“ – განაცხადა ჯაყელმა.

მისივე თქმით, „საქნახშირის“ ადმინისტრაცია მზადაა, დააკმაყოფილოს მეშახტეების მოთხოვნა და თანამდებობიდან გაათავისუფლოს შახტის თანამშრომლები. მეშახტეები კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ქარქაშაძის, შახტის მთავარი ინჟინრის, გიზო კირკიტაძისა და შახტის მენეჯერის, აკაკი ახვლედიანის გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.