LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტერიალზე შესაძლებლობა გვექნება, პარტნიორებს გავაცნოთ რეფორმების შედეგები – ლევან იზორია

88

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, ალექსეევკას საავიაციო ბაზაზე სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას გრძნობენ.

ლევან იზორიამ თავდაცვის კუთხით დაფინანსების სპეციფიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელსაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანაც კი ვერ ახერხებს.

“პრემიერმინისტრის მხარდაჭერას ქართული შეიარაღებული ძალები გრძნობს. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები ოფიცრებთან პრემიერის მონაწილეობით, სადაც განსაკუთრებულად განვიხილეთ სწორედ ავიაციის და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივა საქართველოში. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ეს და სხვა გატარებული რეფორმები, რაც აისახა ნატოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის შესრულებაში. კერძოდ, ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი მიმართულია სწორედ თავდაცვის ბიუჯეტში. ხოლო აქედან 20 პროცენტი ძირითადი შეიარაღებისკენ. ამ მოთხოვნას ბევრი ნატოს წევრი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს.

“შესაბამისად, ჩვენ ვართ როგორც პარტნიორი ქვეყანა სამაგალითო გატარებული რეფორმებით. ამ კვირაში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, კერძოდ, ნატოს მინისტერიალზე გვექნება შესაძლებლობა საქართველოსა და ნატოს თავდაცვის კომისიის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებს გავაცნოთ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგები. ასევე, მექნება შესაძლებლობა ორმხრივი ფორმატის ფარგლებში შევხვდე აშშ-ის თავდაცვის მდივანს, სადაც ჩვენ როგორც ჩატარებული რეფორმების, ასევე შემდგომში განსახორციელებელი გეგმების შესახებ ვისაუბრებთ.

“გეგმები კი ამბიციური გვაქვს და იმედი მაქვს, რომ პრემიერის და პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერით, ამ გეგმებს წარმატებულად შევასრულებთ. ერთ-ერთი პრიორიტეტი აღნიშნული გეგმების გახლავთ სწორედ სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ავიაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ფინანსები გამოვყავით. წელს მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო და ამასთან ერთად, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა გამოთქვა მზაობა, რათა გამოყოს თანხები საავიაციო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად,” – აღნიშნა ლევან იზორიამ.