LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი ან არ არის სრულად ინფორმირებული ან, გამოძიება მხოლოდ გამოძიებისთვის ტარდება-მუხთარლის ადვოკატი

61

აფგან მუხთარლის  ადვოკატი ფიქრობს, რომ შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ან არ არის სრულად ინფორმირებული, ან „გამოძიება მხოლოდ გამოძიებისათვის ტარდება“. არჩილ ჩოფიკაშვილი შს მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქმის მასალები სრულად გადაეცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატს.

“აფგან მუხთარლის საქმის წერილობითი მასალების ერთჯერადად გაცნობის უფლება 13 ივნისს მომეცა, ასევე ერთჯერადადა 16 ივნისს, ვიდეოჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა რომელიც ჰქონდა გამოძიებას. ამ მომენტისთვის გამოძიებას ჰქონდა 8 ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი (ჯამში დაახლოვებით 60 საათი). ძირითადი ვიდეომასალა ამოღებული იყო ბარათაშვილის ქუჩის და მიმდებარე სათვალთვალო კამერებიდან, ვინაიდან ეს ვიდეომასალა ვერ უზრუნველყოფდა გამოძიების ინტერესებს, ასევე, ჩანაწერების ამოღება დაწყებული იყო 6 ივნისს (დაგვაინებით) ასევე, მოგროვებული იყო ასობით მოწმეთა ჩვენება ვისაც არაფერი არ გაუგია და დაუნახავს (არარაციონალურად იხარეჯებოდა გამომძიებლების დრო) სწორედ ამ ფაქტებმა ჩემი გაკვირვება გამოიწვია და წერილობით მოვითხოვე ნიაღვარის ქუჩის მიმდებარედ, აეროპორტის გზატკეცილზე და ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ვიდეოჩანაწერების ამოღება და ანალიტიკური დამუშავება. 16 ივნისიდან დღემდე, უშედეგოდ ვითხოვ გადმომეცეს საქმის მასალების ასლები და მათ შორის ვიდეოჩანაწერების ასლები. 16 ივნისიდან, არ გვაძლევენ დამატებით საქმის გაცნობის შესაძლებლობასაც. ამ ფონზე, შსს მინისტრის განცხადება რომ ,,ამოღებული ჩანაწერები ყველა იმ ადგილიდან, რომელიც სამართალდამცველებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა მიუთითა, გადაეცა აფგან მუხთარლის ადვოკატსაც, თუმცა მას „არ მოეწონა“, რადგან გატაცება არ ჩანს”,  მიუთითებს, რომ ის ან არ არის სრულად ინფორმირებული ან, გამოძიება მხოლოდ გამოძიებისათვის ტარდება. არასდროს არც მე და არც დაზარალებულ მხარეს არ გვქონია ილუზია, რომ გამტაცებლები ვიდეოკამერის წინ განახორციელებდნენ გატაცებას და ეს ასახული იქნებოდა სათვალთვალო კამერების მიერ. ვიდეოჩანაწერების ანალიტიკური დამუშავებით უნდა დადგინდეს სატრანსპორტო საშუალება და მგზავრების ვინაობა რომებიც ფიქსირდება ნიაღვარის ქუჩის მიმდებარედ და შემდგომ აეროპორტის გზატკეცილის მიმართულებით საგარეჯომდე, პარალელურად, უნდა ხორციელდებოდეს ოპერატიული საქმიანობა, უნდა არსებობდეს პასუხი მოხდა თუ არა კონკრეტული ვიდეოჩანაწერის განადგურება და ა.შ. და ა.შ. ვინაიდან, დაზარალებულის განცხადებით აქ შესაძლოა გარეული იქვნენ შსს თანამშრომლები ვინაიდან, საზღვრის სამსახურმა არაფერი არ იცის როგორ გადალახა საზღვარი დაზარალებულმა ამ საქმეს უნდა იძიებდეს არა შსს. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია,” – წერს არჩილ ჩოფიკაშვილი “ფეისბუქზე”.

„ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ აფგან მუხთარლის გატაცების სცენებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერები ყველა იმ ადგილიდან, რომელიც სამართალდამცველებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა მიუთითა, გადაეცა აფგან მუხთარლის ადვოკატსაც, თუმცა მას „არ მოეწონა“, რადგან გატაცება არ ჩანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები