LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღებთ უმკაცრეს ზომებს – თემურ თორდინავა ზემო ფონიჭალის ინციდენტზე

102

„ბაღში მონიტორინგის სამსახური მივიდა და დავადგენთ, უყურადღებობა იყო მიზეზი თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი მოხდა,“ – ასე ეხმაურება ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა, ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაღში მომხდარ შემთხვევას.

თორდინავას განცხადებით, მომხდარი ფაქტი არის მძიმე და საბავშვო ბაღში მუშაობს მონიტორინგის სამსახური, რომლის შედეგებიც დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი.

ჩემი აზრით, ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა. მიმდინარეობს მოკვლევა. დავადგენთ, უყურადღებობა იყო მიზეზი, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი მოხდა.  მე, როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას,  მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვისაც უშუალოდ ევალებოდა ბავშვზე ყურადღება, ალბათ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, მაგრამ მივიღებთ უმკაცრეს ზომებს,“ – განაცხადა თემურ თორდინავამ.

ფონიჭალაში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინგოროყვას კლინიკის“ ექიმმა განაცხადა, ბავშვს ამ ეტაპზე მოტეხილობები არ აღენიშნება, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები