LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის შეძენასთან დაკავშირებით შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება

82

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

შესაბამისი ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს 6 დეპუტატის ინიციატივითა და ავტორობით წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში წარმოეშობათ. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ასევე გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერსებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც საკითხის შესწავლის შემდგომ, საკითხს განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები