LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზანი – საქართველო გახდეს მდგრადი ტურისტული განვითარების ცხელი წერტილი, მიღწევადია – ინტერვიუ  AIEST-ის პრეზიდენტთან

თბილისი ტურიზმის სამეცნიერო და პრაქტიკოსი ექსპერტების ასოციაცია  AIEST-ის რიგით 67-ე, 2-დღიან კონფერენციას პირველად მასპინძლობს. ღონისძიებაზე ტურიზმის მდგრადი განვითარების ბიზნესმოდელებს განიხილავენ.

ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ჰარალდ ფეჰლანერი, „ფორტუნასთან“  ამბობს, რომ AIEST -ის კონფერენციით აკადემიურ და ბიზნესსექტორს შორის საინტერესო დისკუსია იწყება.

ჰარალდ ფეჰლანერი: ეს კარგია თქვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო აქტიურად იწყებს ტურიზმის განვითარებას და ევროპიდან კონტაქტების შემოყვანა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ქვეყანას მომავალში ძალიან წაადგება.

AIEST  მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელიც აკავშირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს. მეორე მხრივ, საქართველო დაინტერესებულია ევროპით, მაგრამ დაინტერესებულია ასევე სხვა რეგიონებითაც. ჩვენ გყვავს უამრავი წევრი, ექსპერტი მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან, რომლებსაც შემოაქვთ ნიუ-ჰაუ და ცოდნა მდგრადი ტურიზმის განვითარების კუთხით. 

 

საქართველო უფრო კარგ სამუშაოს ახორციელებს, ვიდრე ევროპის ბევრი ქვეყანა, რადგან თქვენთვის უფრო მარტივია ინოვაციური სიახლეების დანერგვა.

 

  • რა შეგიძლიათ, გვითხრათ მდგრადი ტურიზმის ინოვაციური მიდგომების შესახებ, რომელიც ევროპულ ქვეყნებშია დანერგილი?    

 

ჰარალდ ფეჰლანერი: მდგრადი ტურიზმის განვითარების  დიდი გამოცდილება არსებობს. ყველაზე დიდი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით ბოლო წლებში, არის ის, რომ სხვადასხვა დონეზე ხდება  მდგრადი ტურიზმის დონეების ინტეგრაცია ბიზნესის, ადგილმდებარეობის, პოლიტიკურ და ასოციაციების დონეზე. ტურისტულ მდებარეობასა და ინდუსტრიას შორის კავშირის დამყარება დღესდღეობით მსოფლიოს მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

 

ტურიზმის სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა საქართველოშიც იწყება. ეს ევროპული მაგალითია და ამას მოაქვს შედეგი. 

 

 

  • რა სახის თანამშრომლობა უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორს შორის, ხომ არ იცნობთ საქართველოს გამოცდილებას ამ კუთხით?

 

ჰარალდ ფეჰლანერი: კონფერენციამდე ჩვენ ძალიან საინტერესო ვორკშოპი გვქონდა, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრიის და პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა საქართველოშიც იწყება. ეს ევროპული მაგალითია და ამას მოაქვს შედეგი. ეს კოოპერაცია საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებს უჭირავთ ხელში, მეორე მხრივ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ტურიზმის სფეროში ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ საინტერესო, ინოვაციურ კონცეფციებს, ამიტომ კერძო და საჯარო სფეროს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს საზოგადოების ჩამოყალიბებას, ხოლო  საზოგადოების ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული პროდუქტის ავთენტურობისა და სანდოობისთვის.

საქართველოში ტურიზმის პროდუქტს  ახასიათებს ავთენტურობა.  შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს  ის წინაპირობა, რაც უზრუნველყოფს მის ავთენტურობის შენარჩუნებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

 

საქართველო კარგ სამუშაოს აკეთებს, იყენებს რა დიჯიტალიზაციას, როგორც ბაზისს ტურისტული პროდუქტის დისტრიბუციისთვის. 

 

  • თქვენ ახსენეთ, რომ ვორკშოპზე მოხდა საქართველოს მდგრადი ტურიზმის ბიზნესმოდელების განხილვა. რას ფიქრობთ, რომელი ბიზნეს მოდელია საქართველოსთვის ყველაზე მისაღები?

 

ჰარალდ ფეჰლანერი: ვორკშოპზე განხილვების შემდეგ შევჯერდით, რომ საქართველოსთვის მდგრადი განვითარება გულისხმობს ორი ბიზნესმოდელის ბალანსს. ერთის მხრივ, საზოგადოებაზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელი, რომელიც ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე და მეორე მხრივ, კოოპერაციაზე დაფუძნებული ბიზნესმოდელი, რომელიც ფოკუსირებულია  კურორტების განვითარებაზე, მაგალითად: სათხილამურო კურორტები და დასასვენებელი კომპლექსები. საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ამ ორივე ბიზნესმოდელის ბალანსირება.

ტურიზმი, როგორც ფენომენი ბევრ ასპექტს მოიცავს, ის ეხება მოგზაურობას, დასვენებას, ასევე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ბევრ ასპექტს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ბიზნესს წარმოადგენს, მან შემოსავალი უნდა მოიტანოს.

 

კავკასიის მთები ყაზბეგში, გასაოცარი ეკლესიები, ძველი თბილისი, ეს სურათები გონებაში რჩება. 

 

  • უახლესი კვლევების მიხედვით, რა არის ის რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი რომლის მიხედვით ტურისტი ირჩევს კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობას?  მაგალითად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთაგან სამი შესულია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, ხოლო ორი – „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის“ სიაში. საქართველო არის ვაზის და ღვინის კულტურის უძველესი კერა, გვაქვს 87 დაცული ტერიტორია, მათ შორის,  11 ეროვნული პარკი, რომლებიც ქვეყნის ფართობის 8.62% წარმოადგენს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორები ტურიზმის განვითარებისთვის?

 

ჰარალდ ფეჰლანერი: ტურიზმი საზრდოობს საზოგადოებების მოტივაციით. მოგზაურობა დაკავშირებულია განწყობასა და ძირითად მოტივატორებთან, როგორიცაა: ბუნება, კულტურა, ჯანმრთელობა, ბიზნესი, დასვენება, რელიგიაც კი დამატებით მოტივაციაა. ადამიანები ძირითადად მოტივატორების კომბინირებას ახდენენ მოგზაურობის ან დასვენების დაგეგმვისას.

ბევრი მოტივაცია შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ პროდუქტთან, რომელსაც საქართველო სთავაზობს. საქართველოს ამ მხრივ კარგი პოზიცია აქვს, რომ ტურისტი დააინტერესოს, თქვენ გაქვთ ბუნება, კულტურა, ქალაქის, ზღვის, მთის, ღვინის პროდუქტი და ა.შ. ასე ვთქვათ, მოგზაურები იწყებენ ამ მოტივატორებით და შემდეგ გადაწყვეტილებას იღებენ პროფესიონალი სერვისის ხარისხის, ავთენტურობის და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა და სერვისი წინაპირობას წარმოადგენს, მაგრამ მოტივაცია არ არის დაკავშირებული მათთან.  ჩვენ გვჭირდება პროფესიული ტურისტული პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე ტურისტის მოტივატორებს, ნებისმიერი ქვეყნიდან.

 

საქართველოში ტურიზმის პროდუქტს  ახასიათებს ავთენტურობა და  ახლა მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს მის ავთენტურობის შენარჩუნებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

 

 

  • თქვენ ახსენეთ სერვისები, რასაც საქართველო სთავაზობს ტურისტს, გაქვთ თუ არა ინფორმაცია ამ ჭრილში, თუ რა სერვისებს სთავაზობს საქართველო ტურისტებს?

 

ჰარალდ ფეჰლანერი: საქართველო მომსახურებას სთავაზობს იგივე გზით, როგორც სხვა ქვეყნები. ვორკშოპზეც და მას მერეც  ჩვენ ვიმსჯელეთ პროფესიული სერვისების დონის გაზრდის საჭიროებაზე, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ეს დაკავშირებულია აკადემიურ სამყაროსთან და საქართველოს განათლების სისტემასთან. თქვენ უამრავი უნივერსიტეტი გაქვთ, მაგრამ თქვენ გჭირდებათ პროფესიული განათლების განვითარება, მათ შორის ტურიზმის სფეროში. ამ ფაქტს ხაზი გაესვა საქართველოს ტურიზმის ბიზნესის არაერთი წარმომადგენელის მხრიდან.

 

  • საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში გარკვეულწილად გააქტიურდა ქვეყნის გარეთ ტურიზმის მიმართულებით სარეკლამო კამპანიების განხორციელების კუთხით, რამდენად ეფექტურია მსგავსი კამპანიების წარმოება და თქვენ პირადად თუ გახსოვთ რომელიმე ასეთი რეკლამა საქართველოს შესახებ, რომელმაც გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა? 

 

საქართველოსთვის მდგრადი განვითარება გულისხმობს ორი ბიზნესმოდელის ბალანსს.

 

ჰარალდ ფეჰლანერი: საქართველო კარგ სამუშაოს აკეთებს, იყენებს რა დიჯიტალიზაციას, როგორც ბაზისს ტურისტული პროდუქტის დისტრიბუციისთვის.  უფრო მეტიც, მე კონფერენციაზე ვთქვი, რომ საქართველო უფრო კარგ სამუშაოს ახორციელებს, ვიდრე ევროპის ბევრი ქვეყანა, რადგან თქვენ 1990-იანი წლებიდან დაიწყეთ ტურისტული პროდუქტის წინაპირობების განვითარება. ასე რომ, თქვენთვის უფრო მარტივია ინოვაციური სიახლეების დანერგვა. ჩვენ სულ ვმსჯელობთ, როგორ შევცვალოთ დამოკიდებულება, რომ რაღაც საუკეთესოა. თქვენ ფოკუსირებული ხართ ინოვაციურ ასპექტებზე, როგორიცაა მაგ. დიჯიტალიზაცია.

შეკითხვის მეორე ნაწილს რაც შეეხება, ის, რაც დამამახსოვრდა, არის სურათები, სპეციფიკური იმიჯები, და  ძირითადად ამას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მესიჯებს. იმიჯი გონებაში სამუდამოდ რჩება. ჩვენ უნდა დავაკავშიროთ საქართველო კონკრეტულ იმიჯებთან და სპეციფიკურ სურათებთან. საქართველოს აქვს სპეციფიკური და უნიკალური კულტურული და ბუნებრივი რესურსები. ერთი მხრივ,  მაგალითად: კავკასიის მთები ყაზბეგში, მშვენიერი ეკლესიები, ხოლო მეორეს მხრივ, სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, შავი ზღვა და ძველი თბილისის არქიტექტურა. ასევე, ისეთ მოშორებულ ადგილებში, როგორიც არის სვანეთის მთიანი რეგიონი და ასევე გურიის რეგიონი,  არის მნიშვნელოვანი პოტენციალი მდგრადი ტურიზმის პროდუქტის განვითარებისთვის. აი, ზუსტად ამაზე ვფიქრობ, როდესაც ვუყურებ საქართველოს საიმიჯო მასალას.

 

ტურიზმი საზრდოობს საზოგადოებების მოტივაციით…  ბევრი მოტივაცია შეიძლება, იყოს დაკავშირებული იმ პროდუქტთან, რომელსაც საქართველო სთავაზობს.

 

  • როგორც ვიცი, გარკვეული გეგმები გაქვთ გურიასთან დაკავშირებით. რატომ დაინტერესდით კონკრეტულად ამ რეგიონით და, თუ შეიძლება, უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ თქვენი გეგმების შესახებ? 

 

ჰარალდ ფეჰლანერი: გურია წარმოადგენს საინტერესო რეგიონს, ის საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულია და ასევე, ტურისტული თვალსაზრისით,  ნაკლებად ცნობილი ადგილია. სწორედ ამიტომ, ამ რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომ  საინტერესო განვითარების პროცესი დაიწყოს. ამ გადმოსახედიდან გურია შეიძლება მდგრადი ტურისტული პროდუქტის განვითარების ძალიან საინტერესო მაგალითი გახდეს საქართველოში.

ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რამაც დაგვაინტერესა, დაგვეწყო გურიის განვითარების პროექტი, რომელიც  განხორციელდება აკადემიურ წრეებთან მჭიდრო კავშირში, გერმანელი და ქართველი სტუდენტების და ყველა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ გურია მდებარეობს შავ ზღვასთან, ამას უახლოეს მომავალში სტრატეგიული დატვირთვა მიენიჭება. დაწყებულია მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაგ. „ახალი აბრეშუმის გზის პროექტი“, ეს ყველა პროექტი არაპირდაპირ ზეგავლენას მოახდენს ისეთი რეგიონის განვითარებაზე, როგორიცაა გურია.

 

 საქართველოს კარგი პოზიცია აქვს, რომ ტურისტი დააინტერესოს, თქვენ გაქვთ ბუნება, კულტურა, ქალაქის, ზღვის, მთის, ღვინის პროდუქტი და ა.შ.

 

  • რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის ზოგადად საკანონმდებლო რეგულაციები?

 

ჰარალდ ფეჰლანერი: ტურიზმის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დაკავშირებულია უამრავ ბიზნეს და სოციალურ აქტივობასთან ქვეყანაში ან რეგიონში.  ტურიზმზე გავლენას ახდენს კულტურული პოლიტიკა, ბუნების კონსერვაციის და დაცვის პოლიტიკა. ტურიზმი დაკავშირებულია ურბანული მდებარეობების განვითარებასთან. ასევე, ტურიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული ბიზნესთან, ამიტომ ამ ყველაფერზე დაყრდნობით შემიძლია, ვთქვა, რომ  კანონმდებლობა და  ტურისტული აქტივობების რეგულაცია მნიშვნელოვანია.

 

  • თუ გაქვთ რაიმე ხედვა, რა საკანონმდებლო რეგულაციები უნდა გატარდეს საქართველოში?

 

ჰარალდ ფეჰლანერი: მე ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია  კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს დესტინაციის მართვის ორგანიზაციებს. ასევე კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების დაცვას, ასევე კონსერვაციას, კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ტურიზმის გადასახადებს, ინფრასტრუქტურისთვის.

ტურისტის გადასახადის კონცეფცია არის საინტერესო ინსტრუმენტი იმ შემთხვევაში, თუ ის არის ადაპტირებული პროფესიულ დონეზე, რადგან, რაც უფრო მეტი ტურისტია ქვეყანაში, მით უფრო მეტი ინფრასტრუქტურაა გამოყენებული. ამგვარად, მრავალ  განვითარებულ ტურისტულ ქვეყანაში ტურისტული  გადასახადი დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ განვითარდეს ქვეყნის კონკრეტული ინფრასტრუქტურა. თუმცა, ყველა ეს გადასახადი პრობლემატურია იმ შემთხვევაში, თუ გადასახადიდან შემოსული თანხა არ არის სწორედ მიმართული ამ კონკრეტული სექტორის განვითარებისთვის.

 

პროფესიული სერვისების დონის გაზრდა უმნიშვნელოვანესია… თქვენ გჭირდებათ პროფესიული განათლების განვითარება, მათ შორის ტურიზმის სფეროში.

 

  • ექსპერტები ხშირად მიუთითებენ, რომ ამ კუთხით გარკვეული საგადასახადო რეფორმის გატარებაა აუცილებელი და საჭიროა სეზონური დაბეგვრის შემოღება. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? 

 

ჰარალდ ფეჰლანერი: სეზონური გადასახადი ყოველთვის პოზიტიურად არ აისახება ქვეყანაზე. ტურიზმის პოლიტიკა ცდილობს, რომ აარიდოს თავი სეზონურობას, რადგან ტურიზმი უნდა იყოს მომგებიანი მთელი წლის განმავლობაში და ზუსტად ეს წარმოადგენს ტურიზმის სექტორის მთავარ დანიშნულებას. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ  სეზონური გადასახადი კარგი ინსტრუმენტია, თქვენ უნდა გქონდეთ გადასახადი მთელი წლის განმავლობაში, რომ ამან განაპირობოს ბიზნესის და სასტუმროების მოტივაცია, რათა ისინი ფოკუსირებულნი იყვნენ არა მხოლოდ ერთ სეზონზე და იმუშაონ მთელი წლის განმავლობაში. სხვა საკითხია გადასახადის ოდენობა, მან შეიძლება, დაიკლოს, ეს სხვა თემაა, მაგრამ გადასახადი უნდა იყოს წლის განმავლობაში.

 

იმიჯს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მესიჯებს. იმიჯი გონებაში სამუდამოდ რჩება.  ჩვენ უნდა დავაკავშიროთ საქართველო კონკრეტულ იმიჯებთან და სპეციფიკურ სურათებთან.

 

  • ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, დარგის მიერ მთლიან შიდა პროდუქტში შეტანილი პირდაპირი წილი 2025 წლისთვის უნდა შეადგენდეს 7.9%-ს, (6.6 მილიარდ აშშ დოლარამდე) ყოველმა ვიზიტორმა კი საშუალოდ 600 აშშ დოლარამდე უნდა დახარჯოს; (დღეს დაახლოებით 328 დოლარს ხარჯავს) ტურიზმში დასაქმებული პირების რაოდენობა უნდა გაიზრდოს დაახლოებით 90%-ით, არსებული 158,515-დან 301,284-მდე; ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა არსებული 5 დღიდან 7 დღემდე; როგორ შეაფასებთ ამ გეგმას და რამდენად რეალისტურია ის დღეს არსებული პირობების გათვალისწინებით?

 

ჰარალდ ფეჰლანერი: გეგმა გეგმაა, რაც საჭიროა მიზნების მისაღწევად. თუმცა, მნიშვნელოვანია რა არის მიზანი. მაგ. არის მიზანი, რომ საქართველო გახდეს მდგრადი ტურისტული განვითარების ცხელი წერტილი? მაშინ მე ვიტყოდი, რომ ეს მიზანი მიღწევადია, თუმცა ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული ადამიანების მენეჯმენტის და ლიდერობის შესაძლებლობების გაზრდა განხორციელებადია, რომ მათ ჰქონდეთ ბიზნესის, და ასევე ამ მშვენიერი ადგილის ავთენტურობის შენარჩუნების საჭიროების შეგრძნება. მნიშვნელოვანია ტურიზმში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროფესიონალიზმის დონის განვითარება.

 

 

თაკო ივანიაძე 

პოპულალურები