LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზნობრივი ჯგუფები 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ

156

საქართველოში მცხოვრები 600 000-მდე ადამიანი, ძირითადად, სოციალურად დაუცველები და მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ენდოკრინოლოგიური დაავადებები და ბრონქეალური ასთმა აწუხებთ, 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ, – ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ხანგრძლივად, ან ცხოვრების ბოლომდე ესაჭიროებათ.

შეხვედრაზე მინისტრმა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს ის ძირითადი მოთხოვნები გააცნო, რაც მედიკამენტის შესყიდვისას იქნება გათვალისწინებული. მთავარი აქცენტი, კი ხარისხზე კეთდება.


„სახელმწიფო აწესებს ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალ სტანდარტს – რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი“, – განაცხადა მან.


გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები – ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.


ახალი პროგრამა ზაფხულში ამოქმედდება და მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას 30-მდე დასახელების მედიკამეტით უზრუნველყოფს.

თუ პენსიონერი თვეში 20-30 ლარის მედიკამენტების შესყიდვას საჭიროებდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით მაქსიმუმ, თვეში 1 ლარი დაუჯდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები