LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ვარდები და… არანაირი ინტერვიუ – დაიანა კროლის მკაცრი მოთხოვნები ჯაზფესტივალის ორგანიზატორებს

80

23 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალი პიანისტისა და ვოკალისტის, დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნება. ჯაზსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ახალი ალბომის საპრეზენტაციო ტურნეშია, თბილისში სწორედ „Wallflower“-ის წარსადგენად ჩამოდის და ამით ქართველი მელომანების დიდი ხნის სურვილს აასრულებს. ჯაზფესტივალის მესვეურნი ბოლო რამდენიმე წელი ცდილობდნენ დაიანა კროლის საქართველოში ჩამოყვანას, თუმცა ეს ვერ ხერხდებოდა, რადგან კროლის მენეჯმენტს ძალიან დიდი მოთხოვნები ჰქონდა, რომელთა დაკმაყოფილებაც იმ პერიოდისთვის ვერ ხერხდებოდა. თუმცა წლევანდელ ჯაზფესტივალზე ჩამოსვლას დათანხმდნენ, რადგან პირობების შესრულება მოხერხდა. ჯაზფესტივალის გუნდისგან ექსკლუზიურად გავიგეთ საინტერესო ამბები იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ლუქს-კლასის არტისტებს, დაიანა კროლსა და ესპერანზა სპალდინგს აქვთ.  

როგორც შევიტყვეთ, დაიანა კროლისთვის სასტუმრო თავად მისმა მენეჯმენტმა აარჩია და არჩევანი „რადისონზე“ შეაჩერეს. სასტუმროს მენეჯერებთან გაიარეს ის მენიუ, რომელსაც ისურვებს ვარსკვლავი და ასევე რომელ სართულზე უნდა იყოს მისი ნომერი და როგორ უნდა გამოიყურებოდეს. საგულისხმოა ისიც, რომ კროლს თურმე არ უყვარს არც ერთი სხვა ყვავილი, ვარდის გარდა, ამიტომაც მუსიკოსს მხოლოდ ვარდები უნდა აჩუქონ და კულისებშიც ამ ყვავილს ისურვებს.

გიორგი კერესელიძე, „ისტერნ პრომოუშენის“ დირექტორი:

დაიანა კროლისა და ესპერანზა სპალდინგის შემთხვევაში ისეთი რთული კონტრაქტები გვაქვს, რაც აქამდე არასდროს გვქონია, თუმცა შესრულებას შევძლებთ, ვინაიდან ჩვენს გუნდს უკვე ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

დაიანა კროლიც და ესპერანზა სპალდინგიც თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ძვირად ღირებული და ყველაზე აქტუალური ვარსკვლავები არიან, ამიტომაც მათი მოთხოვნები მათი მდგომარეობის შესაბამისი გახლავთ.

სასტუმრო თავად შეარჩიეს, დაიანას უყვარს ყვავილები კულისებში, ოღონდ ვარდის გარდა არც ერთი სხვა ყვავილი არ უნდა, ამიტომ ეს უნდა მივართვათ. დახვედრიდან დაწყებული ყველაფერი უნდა იყოს უმაღლესი დონის, მათ შორის მანქანებიც, რომლებითაც დავხვდებით. კროლისთვის მოითხოვეს ფრანგული და იტალიური ღვინოები. ჩვენ გავუგზავნეთ მოკლე ისტორია ჩვენი ღვინოების შესახებ. ძალიან დაინტერესესდნენ და რომ ჩამოვლენ, შესაძლოა, ერთ-ერთ ღვინის სარდაფში კროლის წარმომადგენლები წამოვიდნენ და თავად შეარჩიონ ქართული ღვინო ვარსკვლავისთვის.

დაიანასთან ერთად სულ 17-კაციანი გუნდი ჩამოდის, მათ შორის არიან მისი პირადი სტილისტი და ვიჟაზისტი, ასევე მზარეული და პერსონალური მენეჯერი. ისინი თბილისში 22 ოქტომბერს ჩამოვლენ.

განსაკუთრებულად გაგვაფრთხილეს, რომ ვინაიდან ძალიან ჩუმი და წყნარი კონცერტია, დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დავუშვათ. ასე რომ, ყველას ვთხოვთ, კონცერტზე არავითარ შემთხვევაში არ დააგვიანონ, რადგან დაცდა გარეთ მოუწევთ, სანამ ნომერი არ მორჩება.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ესპერანზა სპალდინგი, რომელიც დღეს ჯაზსამყაროში იგივბეა, რაც პოპში ფერელ უილიამსი. ფლობს „გრემის“ ოთხ ჯილდოს, მათ შორის ერთ-ერთს – „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიაში და  გახდა პირველი ჯაზშემსრულებელი, რომელსაც ოდესმე გაუმარჯვია ამ კატეგორიაში.

სპალდინგი თავის ტურნეს, ახალი ალბომის საპრეზენტაციოდ, ხსნის სწორედ თბილისში და ეს ჯიმი კიმელის შოუშიც აღინიშნა. მისი შოუ თეატრალიზებულია, განსხვავებული იმ მუსიკისგან, რაც აქამდე მოუსმენიათ მისგან და საინტერესოა, რომ პირველად მას სწორედ ქართველი მაყურებელი მოისმენს და შემდეგ წავა ისეთ დიდ ფესტივალებზე, როგორიც მაგალითად, მონტროს ჯაზფესტივალია.

ესპერანზა სპალდინგის მენეჯერებსაც მკაცრი მოთხოვნები აქვთ?

არანაკლები, ვიდრე კროლს. აღსანიშნავია, რომ ორივე ვარსკვლავს აქვს შეზღუდვები გადაღებაზე და ინტერვიუებზე. კროლმა საერთოდ უარი თქვა, ესპერანზა სპალდინგი კი მხოლოდ შოუს შემდეგ გაესაუბრება ჟურნალისტებს. დაგვრთეს ნება, გადავიღოთ მხოლოდ ერთი ჯგუფური ფოტო მათთან, მობილურით ფოტოების და ვიდეოს გადაღება აკრძალულია. საინტერესოა ისიც, რომ მისი ბენდის წევრები თბილისში არიან ნამყოფი, თავად არა, მაგრამ ამის დიდი სურვილი აქვს, თუმცა პირველ ჯერზე მისი გუნდი სიფრთხილეს იჩენს. თავად ესპერანზა თბილისში 24 ოქტომბერს ჩამოვა, აპარატურის ნაწილი თავად ჩამოაქვთ, მოითხოვა 24 ოქტომბერს ერთი დღე რეპეტიცია ფილარმონიაში, სადაც მთელ კონცერტს გაივლიან განათებასა და აპარატურასთან ერთად. სწორედ ამის გამო 24-ში არანაირი კონცერტი არ დავნიშნეთ. მენეჯერი კი ერთი დღით ადრე ჩამოვა, რომ ყველაფერი თავად შეამოწმოს…

ჯაზფესტივალის წინ კულტურის მინისტრის მოადგილეს, კახა კანდელაკსაც გავესაუბრეთ:

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჯაზფესტივალზე ა კლასის არტისტები ჩამოდიან. თქვენ რომ ნახოთ თბილისის ჯაზფესტივალის საიტი, თუკი მას დღეში 200-300 ადამიანი სტუმრობს, როგორც კი ამ არტისტებმა სარეკომენდაციოდ ინფორმაცია თავიანთ საიტებზე გამოაქვეყნეს, ჯაზფესტივალის საიტის ვიზიტორების რაოდენობამ დღეში 10 000 კაცს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ამ არტისტების კონცერტები ყველაზე იაფი ღირს. შეგიძლიათ თავად ნახოთ, რომ დაიანა კროლის კონცერტის ბილეთის ფასი საზღვარგარეთ 80-დან 800 ევრომდე მერყეობს, მაშინ როდესაც თბილისში მისი ყიდვა გაცილებით ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. მაქვს ინფორმაცია, რომ გაყიდული ბილეთების 40% უცხოელებზე მოდის. ასე რომ, როცა დიდი ვარსკვლავი ჩამოდის, ამით ქვეყანა იგებს. მაგალითად, ბათუმის ჯაზფესტივალის დროს ბათუმში 74 მილიონი ლარი შევიდა, მხოლოდ იმ დღეების განმავლობაში, როცა კონცერტები მიმდინარეობდა. ვიცი, რომ დაიანა კროლის ბექსთეიჯის მენეჯერი ღვინის სპეციალისტია, ის ქართული ღვინით დავაინტერესეთ. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან თუკი ვარსკვლავები გასინჯავენ და იტყვიან, რომ კარგია, ეს ქართული ღვინისთვის საუკეთესო პრომოუშენი იქნება.

დაიანა კროლისა და ესპერანზა სპალდინგის გარდა, ასევე ძალიან საინტერესო იქნება ჯგუფ „Fourplay“-ს კონცერტი, კროლსაც და სპალდინგსაც მსოფლიო პრემიერები ჩამოაქვთ, ასევე ჯგუფსაც, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ჩვენს მსმენელზე მათ ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ახალი რამ უნდა შესთავაზონ და ელოდებიან დაინტერესებულ მაყურებელს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ამ დონის არტისტები ახალი პროგრამებით ჩამოდიან და არა 3 წლის შემდეგ მათი პრემიერებიდან…

unnamed (2)

unnamed (1)

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები