LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა, კანიბალიზმი და ძალადობა ზღაპრებში – რა წავუკითხოთ ბავშვებს?

ბავშვის ტკბილად დასაძინებელი ზღაპარი თუ „ჰორორ სთორი“? –  მშობლების უმრავლესობას ეს კითხვა ქართული ხალხური ან თუნდაც ძმები გრიმების ზღაპრების კითხვის პროცესში ხშირად გასჩენია.

განათლების ყოფილი მინისტრის  პრეტენზიები  კომბლეზე, რომელიც ცუდი მეცხვარე იყო, რა მოსატანია იმ ფაქტებთან, რომელიც სხვა ცნობილი ქართულ ზღაპრებში გვხვდება.

ზღაპარი ოქროსქოჩრიან ბიჭზე, რომლესაც დედაბერი და მისი რძალი დასაკლავად ასუქებენ; კოკროჭინა, სადაც დედაბერი მდუღარე ქვაბში ვარდება და იხარშება; ჩიტი ჩიორა კი  მორიგეობით უყრის  ბარტყებს მელას შესაჭმელად. თუ ამ დროს შეშფოთებული დახურავთ ქართულ ზღაპრების წიგნს და ძმები გრიმებს ან შარლ პეროს ჩამოიღებთ თაროდან,  არაკორექტულობის, ძალადობის და სტერეოტიპების  მთელი სპექტრს  გადაშლით.

კანიბალიზმიჰენზელი და გრეტელი, ზღაპარი ღუმელში შემწვარ დედინაცვალზე და ფიფქია, რომლის გულიც დედინაცვალს სჭირდება.

მკვლელობა – მკვლელობა და სისხლი ყველა ზღაპრის ამოსავალი წერტილია. დედინაცვალი ერჩის გერებს,  გერები – დედინაცვალს, ბოროტ გმირებს, გამოსწორების შანსის გარეშე, აუცილებლად კლავენ, წვავენ,  აკუწავენ და ა.შ.  

ძალადობა – გატაცების და ტყვეობის  თემაზეა აგებული „რაპუნცელი“ და „მზეთუნახავი და ურჩხული“.

ფიფქია ტრეფიკინგის  მსხვერპლია – თავშესაფარი სახლის დალაგებასა და სადილის მომზადების  ხარჯზე აქვს მოპოვებული.

ნეკროფილია, როცა გარდაცვლილ ფიფქიას არ კრძალავენ და ზოოფილია, რაც ბაყაყებთან  და სხვადასხვა ცხოველთან ქორწინებაში გამოიხატება და ა.შ.

დანაშაულებრივი სია საკმაოდ შორს მიდის, თუ ზღაპრებს სწორხაზოვნად და წმინდა ლოგიკურ ჭრილში განვიხილავთ.

 

სტერეოტიპები

ზღაპრები უხვად არის დახუნძლული სტერეოტოპებითაც – მოხუცებული “დედაბერი“ და დედინაცვალი აუცილებლად ბოროტია; ქალები,  რომლებიც მოხერხებულები და ჭკვიანები არიან, ამ თვისებას  მხოლოდ სიავეში იყენებენ. გოგონები დაუცველები, სუსტები არიან,  მათი მთავარი ღირსება სილამაზეა,  მხსნელად პრინცს ელოდებიან,  გადაწყვეტილებას თავად არ იღებენ  და ბედნიერი დასასრულიც წარმატებით გათხოვებაა

ზღაპრებისადმი ასეთი  მიდგომა და შინაარსის  ლოგიკურად განხილვა მშობლებს  ზღაპრების და სინამდვილის  გადაკეთების სურვილს უჩენს. ძალადობის და მკვლელობის თემას შეგნებულად გვერდს უვლის და კითხვის პროცესშივე  ახდენს ზღაპრების ადაპტირებას 3 წლის ნინის დედა.

„ვცდილობ, სადაც სიკვდილია ნახსენები, მაგალითად, დედა უკვდება ბავშვს ან ზღაპრის გმირები ერთმანეთს კლავენ, კითხვის პროცესში შევცვალო ან საერთოდ არ ვახსენო. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, როცა რეალობას ვცვლი,“ – ამბობს ნატა გოგოლაძე.

 

უნდა წავიკითხოთ თუ გამოვტოვოთ მძიმე და საშიში სცენები ზღაპრებში?

ამ ნაწილში ფსიქოლოგების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს , რომ, თუ ბავშვებს  მხოლოდ უწყინარ ამბებს წავუკითხავთ, სადაც  საოცარი არაფერი ხდება და არც ბოროტება არსებობს, ბავშვები ვეღარ ისწავლიან, როგორ  გადალახონ ცხოვრებისეული სირთულეები და გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს. ზღაპრები იძლევიან რწმენას,  რომ შეუძლებელი არაფერია.

ზღაპრის შინაარსის ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მორგებას და ადაპტირების მომხრეა სპეციალისტთა მეორე ნაწილი,  რომლებიც მშობლებს ურჩევენ, ზღაპრის შერჩევისას ბავშვის ემოციური მდგომარეობა, ხასიათი და, რაც მთავარია, ასაკი გაითვალისწინონ, ზღაპარი, ტკბილი ძილის ნაცვლად, ღამის კოშმარების მიზეზად რომ არ იქცეს.

 

როგორი იქნება ზღაპრები ბოროტების გარეშე?

ბავშვთა ფსიქოლოგი ბრუნო ბეთელჰაიმი ზღაპრებს ფსიქოანალიტიკურ ჭრილში განიხილავდა . მისი თეორიის მიხედვით,  ზღაპრები აუცილებელია  ბავშვის განვითარებისთვის და არ არის საჭირო რეალობის შელამაზება, რადგან ზღაპარი არა მხოლოდ წარმოაჩენს პრობლემას, არამედ მათი მოგვარების გზებსაც აჩვენებს.  

გავრცელებულ კრიტიკას, რომ ზღაპრები ბავშვებში არარეალურ მოლოდინებს აჩენს, ის იმით პასუხობს, რომ პირველ რიგში ბავშვებსვე  სჭირდებათ  ფანტაზიის განსავითარებლად. გარდა ამისა, ბეტელჰაიმის მოსაზრების მიხედვით, ზღაპრის ბედნიერი დასასრული პატარებს  რწმენას მატებს, რომ გამოუვალი სიტუაციების წარმატებით დასრულებაც შესაძლებელია.

ქართულ რეალობაში ბეთელჰაიმის თეორიის ნათელი მაგალითია  პოპულარული ზღაპარი  „ნაცარქექია“.  ადამიანები ხშირად აკრიტიკებენ  „ნაცარქექიას“  სიზარმაცის და ტყუილის წაქეზებისთვის.   თუმცა, მედალიონის მეორე მხრიდან  ეს არის ამბავი ზარმაც,  უსაქმურ , მაგრამ ძალიან მოხერხებული კაცზე,  რომელმაც დევი არა ძალის, როგორც ეს ქართული ზღაპრების უმრავლესობაში ხდება, არამედ ჭკუის და მოხერხების საშუალებით დაამარცხა. ზღაპარი  სიზარმაცეს კი არ ახალისებს, არამედ პირიქით,  სიზარმაცის დაძლევას და ახალი, წარმატებული  ცხოვრების დაწყებაა წამახალისებელი.

გასული საუკუნის ზღაპრებისა და მულტიპლიკაციური ფილმებისგან განსხვავებული ტენდენცია მკვიდრდება თანამედროვე ანიმაციურ ფილმებში. ზღაპრის  ახალი გმირები სულაც არ არიან იდეალურები, პრინცები ხანდახან იტყუებიან, პრინცესები სულაც არ იქცევიან სამეფო კარის ეტიკეტის  შესაბამისად. ახალ ანიმაციებში  თითქმის გამქრალია ვიზუალური სტერეოტიპები.  ქერა და ნაზ პრინცესებს პოკაჰონტასისეული მამაცი გოგონები ანაცვლებენ.

სტერეოტიპების მსხვრევის ნათელი მაგალითია ახალი ანიმაციური ფილმი “ გაყინული“ (Frozen) და „მამაცი“ (Brave), სადაც პრინცესები თავად იბრძვიან, პრინცები ერთი ნახვით სულაც არ უყვარდებათ და არც გათხოვებაა მათი ერთადერთი მიზანი.

 

 

თამუნა გოგუაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები