LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოაგვარებს თუ არა საცობების პრობლემას თბილისში ტროტუარებზე პარკირების ადგილების გაუქმება?

175

თბილისში ტროტუარებზე პარკირების ადგილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ექსპერტები პოპულისტურად აფასებენ და აცხადებენ, რომ თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება რეალურად პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული არ არის.

როგორც „ფორტუნას“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა განუცხადა, ამ გადაწყვეტილებით, პრობლემა ქალაქში თანდათანობით უფრო მწვავდება და აკრძალვასთან ერთად მერია დაპირების მიუხედავად, მძღოლებს ალტერნატიულ პარკირების ადგილებს ვერ სთავაზობს.

“ეს არის ადგილები სადაც ნებადართული იყო პარკირება, რადგან ფეხით მოსიარულეებისთვისაც რჩებოდა ადგილები. აქ აკრძალეს გაჩერება და ახლა მანქანები გადავიდნენ იქ, სადაც გაჩერება ამ დრომდეც აკრძალული იყო – ერთ მეტრიან ტროტუარებზე. ეს არის მდგომარეობის გამოსწორება? გონზე არ არის ქალაქის თვითმმართველობა ისეთ რაღაცეებს აკეთებს. მდგომარეობა უფრო გამწვავდა, რადგან ისინი მძღოლებს ალტერნატიულ პარკირების ადგილს ვერ სთავაზობენ. ამ მიმართულებით ინვესტიციები შემოსული არ არის და მშენებლობის პროექტიც კი არ არსებობს”, – განაცხადა მესხიშვილმა.

ექსპერტის თქმით,  საჭიროა ინვესტიციების მოძიება, თვითნებურად მიტაცებული პარკირების ადგილების გაკონტროლება და და იმ მშნებელობების აკრძალვა, რომელთაც პროექტში პარკირების ადგილი განსაზღვრული არ აქვთ.

“დაახლოებით 20% უკვე გამოყოფილი ადგილების მიტაცებულია. მერიას არანაირი ბერკეტები არ გააჩნია იმისთვის, რომ ეს ადგილები საჯარო მოხმარების გახადოს. რომ კრძალავ პარკირებას, სად უნდა წავიდეს ის მძღოლი? გადადიან უფრო მცირე ზომის ტროტუარებზე, შედეგად კი ფეხით მოსიარულეებისთვისაც აღარ რჩება ადგილი. ალტერნატივის შეთავაზების გარეშე პრობლემა უფრო მწვავდება და სწორედ ამ მდგომარეობაში ვართ. უკუშედეგი მიიღეს, იმიტომ რომ საკითხი სრულიად მოუმზადებლადაა გადაწყვეტილი””, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

შესაბამისად, 2 ათასამდე პარკირების ადგილის 800-დან 900-მდე შემცირება მხოლოდ ციფრებია და რეალური, ალტერნატიული ფართის გამოყოფის გარეშე თბილისში პარკირებისა და საცობების პრობლემა არ მოგვარდება.

მერიის ცნობით, უახლოეს მომავალში პარკირების ადგილები ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ მიშველაძის ქუჩაზე (27 პარკინგი), ჩოლოყაშვილის გამზირზე (16 ადგილი) გაუქმდება, ასევე საპარკინგე ადგილები ნუცუბიძის, პეკინისა და ყაზბეგის, ცოტნე დადიანის ქუჩებზე გაქრება. პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა პარკირების გაუქმების პარალელურად “შეჭრების” გაკეთება მოხდეს.

საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა მრავალდონიანი ავტოსადგურის მშენებლობაზე და დაგეგმილი 10 ლოკაციის გარდა მერია გეგმავს დამატებითი ადგილები მოიძიოს, რათა მსგავსი სადგური დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი იყოს.

მუმლაძის განმარტებით, მერიამ ასეთი მიდგომა იმის გამო აირჩია, რომ არ მომხდარიყო დისკომფორტის შექმნა მძღოლებისთვის და, ფეხით მოსიარულეებისთვის ტერიტორიის გამოთავისუფლებასთან ერთად, ავტომფლობელებისვის მანქანის გაჩერების ალტერნატიული ადგილები შეეთავაზებინათ.