LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგება უნდა ვისწავლოთ: საქართველო ჭკვიანურად თამაშს აპირებს

50

საქართველოს ნაკრებმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ღია ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა „პოგონის“ მცველმა ლაშა დვალმა, რომელიც ტრავმირებულ დავით ხოჭოლავას შეცვლის. საწვრთნელი პროცესი კვლავ თბილისში მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე წარიმართა. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ამხანაგურ მატჩებში საკუთარი შანსის მოლოდინშია. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა, ეროვნული ნაკრების დებიუტანთან, 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი:

„ჩვენი დონის გუნდებისთვის ერთა ლიგა დიდი შანსია. მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. ეს ყველას საერთო მიზანია, ხელმძღვანელობის, მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და ქართველი გულშემატკივრის.

ძალიან მიხარია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთან ერთადაა. პირველად მისი თამაში 16 წლის ასაკში ვნახე და ორ წელიწადში მან დაუჯერებელი პროგრესი განიცადა. ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ერთერთი ყველაზე დიდი ტალანტია. რა თქმა უნდა, მე ის გამოვიძახე იმისთვის, რომ ვათამაშო და დავაკვირდე. გიორგი ნაკრებში ვარჯიშით სიამოვნებას იღებს და გამოცდილებას აგროვებს. გიორგი ლიტვასთან ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ჩვენი დონის გუნდებთან მოგება უნდა ვისწავლოთ. ლიტვა და ესტონეთი რეიტინგში ჩვენზე მაღლა არიან, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროებით. ჩვენი მიზანია შემტევი, ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშოთ. მოგება თუ გვინდა ჭკვიანურად და პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ. ეს ნიშნავს შემტევ ფეხბურთს და კარგ ბალანსს დაცვასა და შეტევაში. შეკრებაზე, მეკარეების გარდა, ოცი ფეხბურთელია. მსურს, შანსი თითქმის ყველას მივცე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ მოგება ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ“.

 

 

საქართველოს ნაკრების წლის პირველი მეტოქე, თბილისში 21 მარტს ჩამოვიდა, შეხვედრა საქართველოსა და ლიტვას შორის 24 მარტს შედგება. მეორე ამხანაგური მატჩი კი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ 27 მარტს გაიმართება.

ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება, მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები