LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოგების გადასახადის რეფორმის შედეგი ისეთია, როგორსაც ველოდით”

144

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა მოგების გადასახადის რეფორმა დადებითად შეაფასა.

მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში ბოლო დროს განხორციელებულმა ცვლილებებმა ზუსტად ის შედეგი მოიტანა, რასაც ელოდნენ.

“მოგების გადასახადის რეფორმის შედეგი იყო ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდით. ზუსტი ანალიზი გვქონდა გაკეთებული, ძალიან ზუსტი”, – განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

მამუკა ბარათაშვილმა, მედია-სემინარზე ჟურნალისტებთან ცვლილებები დეტალურად განიხილა, მათ საჭიროებებზე და შედეგებზე ისაუბრა.

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო.

ცვლილებებზე ეკონომიკურმა გუნდმა იმუშავა – უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა სამინისტრომ.

რეფორმის შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს – მაგალითად, სასაქონლო ზედნადებსა და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა.შ. ასევე, პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის:

შეჩერებული მშენებლობების სტიმულირება – შედეგად 25 მშენებლობა განახლდა, რაც 65 მლნ ლარის ინვესტიციაა. მამუკა ბარათაშვილის ინფორმაციით, 2020 წლამდე იგეგმება 37 შეჩერებული მშენებლობის დასრულება, რაც ჯამში დაახლოებით, 100 მლნ ლარის ინვესტიციას გულისხმობს.

ტურიზმის ხელშეწყობისთვის – შიდა საავიაციო რეისებისა და სამუშაოების განსახორციელებლად, ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის იმპორტი, ასევე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა და სამუშაოების მომსახურება აღარ იბეგრება.

საქართველოში განახლებადი ენერგიის დარგის განვითარებისთვის პირის მიერ ჭარბად გამომუშავებული ენერგიის გაყიდვა აღარ დაიბეგრება.

ასევე, დღგ-სგან გათავისუფლდა ჯართის რეალიზაცია.