LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგების გარეშე, კიდევ სცადეთ: საქართველომ სერბეთთანაც წააგო

85

საქართველოს ნაკრები ტრადიციას არ ღალატობს: თამაშობს ეპიზოდურად, არასტაბილურად, შანსებს ანიავებს და ბოლოს მაინც აგებს.

1:3 წაგებულ თამაშზე ძნელია თქვა, არ ვიმსახურებდითო, თუმცა პირველი ტაიმი ცოტა გულდასაწყვეტი გამოდგა. ყაზაიშვილის განიავებული შანსი რომ არა, იქნებ სულ სხვა თამაში წასულიყო. აი მეორე ტაიმი კი სტუმებმა უფრო პრაგმატულად ითამაშეს და მეტი კლასის ხარჯზე მოიგეს.

ახლა საუკეთესო ფორმაში არც სერბი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩვენებს ამდენი უთამაშებლობა მაინც ძალიან ეტყობათ. თუნდაც იგივე ყაზაიშვილი რომ ავიღოთ. დიდი ალბათობით, პრაქტიკის მქონე ვაკო რიგ ეპიზოდებში სხვაგვარად იყოჩაღებდა, აქ მარტო გაფუჭებულ ეპიზოდებს არ ვგულისხმობთ. მსგავსი პრობლემები სამწუხაროდ სხვა ჩვენ ფეხბურთელებსაც აქვთ და არ შეიძლება ამან ასეთი დონის მატჩებში თავი არ იჩინოს, მით უმეტეს, რომელი გრძელი სათადარიგო სკამი ჩვენ გვაქვს.

ასეა თუ ისე, საქართველომ მორიგი თამაში წააგო, შესარჩევში კვლავ მოგების გარეშეა და ისევ ოლიმპიური პრინციპით ხელმძღვანელობს: ჩვენთვის მთავარი ხომ მონაწილეობაა.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-5 წუთზე ნიკა კაჭარავამ გახსნა, რომელმაც კოლაროვის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან მარტომ დარჩენილმა ანგარიში გახსნა.
სერბეთი უპირატესობის მოპოვებას შეეცადა, თუმცა ერთი კარგი მომენტი ჩვენებსაც ქონდათ, როდესაც ყაზაიშვილმა სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია.
მერე კი იმავე ყაზაიშვილმა 100%-იანი მომენტი გაანიავა: კაჭარავას შესანიშნავი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარს სანტიმეტრებით ააცილა… ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს გამოდგა გარდამტეხი ეპიზოდი…
ტაიმის მიწურულს სტუმრებმა პენალტის უფლება მოიპოვეს და ტადიჩმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი უფრო სერბების იყო. 64-ე წუთზე მიტროვიჩმა სერბეთი დააწინაურა. საჯარიმოს მისადგომებთან მცველებისგან განთავისუფლებულმა საკმაო სივრცე მიიღო და უპრობლემოდ დაარტყა – 1:2.
საქართველომ სახიფათო შეტევების განხორციელება ვეღარ მოახერხა და ბოლოს ისევ აქეთ გაუშვა. 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გაჩინოვიჩმა მატჩს წერტილი დაუსვა – 1:3.

 

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ქართველი ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როდესაც თავად უშვებ შეცდომებს, მაღალი კლასის მეტოქე ამას არ გაპატიებს.

 

საქართველო – სერბეთი 1:3

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (70 არაბიძე), კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, გვილია (90 ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი(83 ქვილითაია), კაჭარავა.

სერბეთი: სტოიკოვიჩი, რუკავინა, ივანოვიჩი, მიტროვიჩი(71 გუდელი), ტადიჩი, კოლაროვი, მილივოიევიჩი, კოსტიჩი(81 გაჩინოვიჩი), მაქსიმოვიჩი, მატიჩი, ობრადოვიჩი (46 ვუკოვიჩი).

 
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში 2 ქულით მეხუთე ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები