LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი” – ოთარ ფარცხალაძე მომხდარის დეტალებზე საუბრობს

71

საქართველოს მთავარ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე თავდასხმის შესახებ, კომენტარი ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ გაავრცელა.

ყოფილი პროკურორი მომხდარში თავად ლაშა თორდიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთავარი აუდიტორის მიერ გავრცელებული ინფრომაცია შავი PR კამპანიაა.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ლაშა თოდრიას მიდრეკილება სასმელისადმი ყველასთვის ცნობილია და შესაძლოა, მას ფაქტები ერეოდეს.

„მინდა, გამოვეხმაურო გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან მომხდარ ინციდენტს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც როგორც აღმოჩნდა, ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ სახლებისკენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი, რომლის აგრესიული ქმედებების გამო გადაიზარდა ყველაფერი მცირე კონფლიქტში, რაც რამოდენიმე წამშივე განიმუხტა.

როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, გავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს.

მთავარი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ მე მზად ვარ სრულად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემს ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს სიმართლე და ის ბინძური PR კამპანია რაც აგორდა სავარაუდოდ ლაშა თორდიას მიერ ჩემს წინააღმდეგ, მისი მეგობრებისა და თანაპრტიელების დახმარებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

და ბოლოს, თბილისში კარგად არის ცნობილი ლაშა თორდიას მიდრეკილება სასმელისადმი და ამ მიდრეკილებასთან ერთად ის ფაქტი რომ ხშირად სიმთვარალეში იქცევა შეუფერებლად მის მიერ დაკავებული მაღალი თანადებობისათვის და უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, შესაბამისად გამოძიება რომ იყოს სრულყოფილი და დადგინდეს სიმთვრალეში მისი ქმედებების სპეციფიკა, ვშუამდგონლობ და ვითხოვ გამოძიებისგან, რომ შეისწავლონ ყველა მსგავსი ფაქტი და ქმედება, რომელიც მის მიერ შესაძლოა ჩადენილი იყოს სიმთვრალეში. მე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობდი სამართალდამცავ ორგანოებში და ვიცი, რომ ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი,“ – ნათქვამია წერილში.

ლაშა თოდრია საავადმყოფოში იმყოფება. მისი თქმით, თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები დაესხნენ. მომხდარს თოდრია მის საქმიანობას უკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები