LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული მოზარდის მამა მთავარ პროკურორთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

38

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურორთან შეხვედრისთვის მზადაა. ზაზა სარალიძის განცხადებით, თანახმაა შეხვდეს ირაკლი შოთაძეს და ელოდება დროის დაზუსტებას, თუ როდის დაინიშნება შეხვედრა.

“დიდი იმედი არ მაქვს, რომ პოზიციას შეიცვლიან და რამე ახალს გამოააშკარავებენ, თუმცა შეხვედრას მაინც დავთანხმდი, ვინაიდან მაინტერესებს გარკვეულ გარემოებებს როგორ ამიხსნის. ადვოკატთან ერთად შევხვდები და რა ეჭვებიც მაქვს, საქმის მასალებით დავულაგებ წინ. მაინტერესებს, ამ ეჭვებზე რა პასუხს გამცემს,” – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი. მისივე თქმით, არ აქვს წვდომა გამოყოფილ საქმის მასალებთან და შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა შედეგები აქვს გამოძიებას ამ მხრივ.

„რა დანაშაულიც მიუძღვის ამ საქმეში მირზა სუბელიანს, იგივე დანაშაულისთვის ზის მისი ქვისლი თენგიზ კალანდია, გამოყოფილი საქმის მასალებს მე არ მაცნობენ. ვიდეო მასალები, რომელიც გავრცელდა “რუსთავი 2″-ის ეთერით, ეს ვიდეოები არ დევს ჩვენს საქმეში. არცერთი ადვოკატისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა ეს მასალა,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, თავად პროკურატურის მიერ მოპოვებული მასალებით იკვეთება საქმეში მინიმუმ კიდევ ერთი იარაღის მონაწილეობა, თუმცა როგორც ის ამბობს, ამის დასადგენადაც გამოძიებას არაფერი გაუკეთებია.

“თვითონ პროკურატურის მასალებიდან გამოიკვეთა, რომ არის კიდევ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობდა კონფლიქტში და არის დაჭრილი. თუმცა, არ არის დადგენილი, როგორ, რა ვითარებაში და რითია დაჭრილი. გარდა ამისა, მას ექსპერტიზა ჩაუტარდა ორი კვირის შემდეგ, როცა ჭრილიბები უკვე ხორცდებოდა და შესაბამისად, ვეღარ დადგინდებოდა, რა იარაღი იყო გამოყენებული. ეს ადასტურებს უკვე საქმეში მესამე იარაღის გამოყენებას და არსებობას,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრისა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხისთვის მზად არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები