LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომავალი იქმნება აქ“ – ფრანკფურტმა Ambiente-ს უმასპინძლა

142

საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო წარმოების წლევანდელი ტენდენციები, გასული წლების მსგავსად, კვლავ ფრანკფურტში განისაზღვრა – თუ თქვენ დიზაინს, ავეჯს, ჭურჭელს და დეკორაციისთვის საჭირო აქსესუარებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, სამწუხაროა, რომ გამოფენამ Ambiente თქვენს გარეშე ჩაიარა.

 ღონისძიებამ, რომლის ორგანიზატორი „მესე ფრანკფურტია“, წელს 154 ქვეყნიდან 142 ათას მყიდველს უმასპინძლა. „ამბიენტეზე“ საკუთარი პროდუქცია 4 454-მა მწარმოებელმა გამოფინა 96 ქვეყნიდან. სამწუხაროდ, გამოფენაზე წელს საქართველოდან არცერთი კომპანია იყო წარმოდგენილი.

10—14 თებერვალს ფრანკფურტი დიზაინის მოყვარულებისთვის ყველაზე ცხელი წერტილი იყო, უამრავი პავილიონი ყველა გემოვნების ადამიანისთვის ავეჯს, ჭურჭელს, ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის საჭირო აქსესუარებს, სამზარეულოს მოწყობილობებს, საჩუქრებს და დეკორაციებს დაეთმო.

 საგამოფენო სივრცე ორგანიზატორებმა დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყეს. საცხოვრებელი, სასადილო და სასაჩუქრე სივრცეები სხვადასხვა პავილიონში გადანაწილდა, ვიზიტორი კი არცერთ სივრცეს აკლდა.

უმაღლესი ხარისხის მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, ჭაღები, შუშის სხვადასხვა ნაკეთობა – ყველა მწარმოებელი ხარისხზე გარანტიას იძლევა,  ნატიფი ტექნიკით დამზადებული ნაწარმის დასათვალიერებლად კი ვიზიტორებს ზოგჯერ რიგში დგომა უხდებოდათ.

პროდუქცია, რომელიც „ამბიენტეზე“ იყო წარმოდგენილი, ნატურალური მასალისგან არის დამზადებული – ხე, კერამიკა… ამასთან, საგაზაფხულო მოტივისთვის დიზაინერებმა დეკორაციებში ფრინველების, პეპლების, ხოჭოების ფიგურები ჩართეს. თევზები, ზღვის ზღარბები და კიბორჩხალები კი ზაფხულისთვის ხმელთაშუაზღვის აურას ქმნის.

 

საცხოვრებელ სივრცეში მეტი სიმყუდროვის განცდის შესაქმნელად, დიზაინერების დიდმა ნაწილმა ხისგან სკამების, მაგიდების, კოვზების გარდა შანდლები, სათამაშოები და თეფშებიც დაამზადეს. ზოგადად, „ამბიენტეზე“ ჭარბობს ხელით შექმნილი ნაწარმი, ყველა დიზაინერი ცდილობს, ისეთი ჩვეულებრივი ნივთი, როგორიც არის – კოვზი, ჭიქა, ანდა – ვაზა ხელოვნების ნიმუშად აქციოს.

გამოფენაზე შუშისა და კერამიკისგან დამზადებული ფიგურები ჭარბად იყო წარმოდგენილი. გასაოცარი სინატიფით შექმნილი ფარშევანგები და ფლამინგოები უამრავი დიზაინერის კუთხის დამაგვირგვინებელი ნაწილი იყო.

მწარმოებლებმა არც საახალწლო მორთულობები დაივიწყეს – აქ წარმოდგენილი „ჯადოსნური“ დეკორაციები, ნაძვის ხის მოსართავები და განათებები შემდეგ წლებში ბევრისთვს გახდება ინსპირაციის წყარო.

მომავალ წელს კი „ამბიენტე“ კვლავ თებერვალში და კვლავ ფრანკფურტში გაიმართება. 2018 წლის გამოფენისთვის მწარმოებლებმა მზადება უკვე დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები