LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავლის პროგნოზები: ევროპაში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

83

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2017 და 2018 წლების პროგნოზი გაზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0.6, ხოლო 2018 წლისთვის 0.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, EBRD პროგნოზის გაუმჯობესებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უკავშირებს, რაც ექსპორტისა და ტურიზმის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. მათივე ინფორმაციით, 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო ამავე პერიოდში ექსპორტის 28.3%-იანი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

უწყების ინფორმაციითვე, EBRD-ის ანგარიშის თანახმად, მოხმარების გაჯანსაღება, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ტურიზმის სექტორის შემდგომი განვითარება ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები იქნება მომავალი წლების განმავლობაში.

უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი EBRD-ის მსგავსად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) და აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდეს.  სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზების თანახმად, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები