LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონასტრები მზის ენერგიით განათდება – პროექტი საპატრიარქოს თანადაფინანსებას ელის

183

ევროკავშირის დაფნანსებით, ორგანიზაცია CLEEN საქართველოში 100%-ით განახლებადი ენერგიით მომარაგებული მონასტრების პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ორი მონასტერი განახლებადი ენერგიით მომარაგდება.

როგორც “ფორტუნასთან” არასამთავრობო ორგანიზაცია “გამარჯობა”–ს წარმომადგენელმა ლაშა წითურიშვილმა განაცხადა, საუბარია ორ დედათა და მამათა მონასტერზე – სოფელ ბევრეთში.

წითურიშვილის განცხადებით, პროექტის თანადამფინანსებელი გერმანიის საელჩოა, თანხის ნაწილს – 6000 დოლარს კი ისინი საპატრიარქოს სთხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, დააფინანსებს თუ არა საპატრიარქო განახლებადი ენერგიის პროექტს მონასტრებისთვის.

მზის ენერგიის პროექტი მთლიანობაში, 20 000 დოლარამდე ჯდება. მის დაფინანსებაში რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციაა ჩართული.

„საქართველო მთიანი ქვეყანაა, მონასტრების უმეტესობა კი სოფლად არის განთავსებული, სადაც ელექტროენერგიის წყარო არაა, მათ შორის არც ბუნებრივი აირის და წყლის. მოსახლეობას კი კომუნალური გადასახადებისთვის საკმარისი თანხა არ აქვს. „მზის მონასტრების“ პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას“, – აცხადებს ლაშა წითურიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „გამარჯობა“-ს წარმომადგენელი.

საქართველოში 250-280 დღე მზიანია, რაც საშუალებას იძლევა წელიწადში 108 მგვტ მზის ენერგია გამომუშავდეს. ეს კი 34 000 ტონა ნავთობის ტოლფასია.

„ჩვენ გვინდა დავანახოთ ხალხს, რამდენად ხელმისაწვდომი და პრაქტიკულია განახლებადი ენერგია. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს არამხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობის განვითარებას საქართველოში, არამედ კლიმატური ცვლილებებისგან გამოწვეული ზიანის შემცირებას“, – ამბობს ირინა სტავჩუკი, „კლიმატის ცვლილების გაერთიანების“ რეგიონალური წარმომადგენელი.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია “გამარჯობა”, კომპანია “მზის ენერგიასთან” ერთად საქართველოს მთიან რეგიონებში მდებარე მონასტრებში, ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციასა და საჭიროებების გაანგარიშებაზე მუშაობს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები