LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაწილეობდა თუ არა ომარ ქაფიაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციაში – ახალი დეტალები

972

ომარ ქაფიაშვილი, შესაძლოა, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ყოფილიყო, ამის შესახებ „პირველი არხის“ გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ გადაცემაშია აღნიშნული. გადაცემის ავტორების ინფორმაციით, სერჟანტი ქაფიაშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს ოცეულების სნაიპერი იყო 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ ის სახელმწიფო უსაფრთხოების  ოპერატიული თანამშრომლად გადაიყვანეს. 2012 წელი კვალიფიციური სნაიპერების საქმიანობასთან ლაფანყურის სპეცოპერაციით არის დაკავშირებული. იყო თუ არა ომარ ქაფიაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ჟურნალისტებს არ აქვთ.

ლაფანყურის საქმის შემსწავლელი კომისიის წევრები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის შემდეგ სნაიპერებს, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ, სხვადასხვა მიმართულებით შეუცვალეს საქმიანობის პროფილი. სწორედ ამ დროს ემთხვევა ქაფიაშვილის სხვა სამსახურში გადაყვანაც.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მკვლელობის შემდეგ გამოძიება, პირველ რიგში, ქაფიაშვილის საქმიანობით უნდა დაინტერესებულიყო და თუ ამ მიზეზით გამოირიცხებოდა მკვლელობა, მხოლოდ მაშინ უნდა წასულიყო გამოძიება სხვა კუთხით.

ამასთან, გადაცემის ავტორების ინფორმაციით, ომარ ქაფიაშვილის საფულეში მისი გარდაცვალების შემდეგ იპოვეს ტელეფონის ნომრები, რომლებიც საათობრივად გასაქირავებელი ბინების კოორდინატები აღმოჩნდა. ვახტანგ მაისაია ქაფიაშვილის ბინებით დაინტერესებასაც სამსახურეობრივ მოვალეობას უკავშირებს.

„გამომძიებელი რეპორტიორი“ სხვა დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას – კერძოდ, ომარ ქაფიაშვილი გარდაცვალებამდე გორში იმყოფებოდა, სადაც ბოლო სატელეფონო ზარს უპასუხა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, დააახლოებით 15 საათიდან მას არცერთი ზარისთვის არ უპასუხია – მათ შორის, არც დედის, დარეჯან მინდიკაურისთვის, რომელიც ღამე შვილს ურეკავდა, რათა გაეგო, რატომ დააგვიანდა ომარს. ექსპერტების თქმით, სატელეფონო ანძები ზარებს მხოლოდ ორ შემთხვევაში ვერ აფიქსირებს – თუ არ პასუხობენ ზარს, ან ტელეფონია გამორთული. აღნიშნული საკითხით კი, „რეპორტიორის“ ინფორმაციით, გამოძიება არ დაინტერესებულა.

გადაცემაში კიდევ ერთი უზუსტობის შესახებ საუბრობენ – მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მაგდა პაპიძე მეზობელს, ნანა ტუხაშვილს შეუთანხმდა, რომ მოგვიანებით მასთან მივიდოდა და თმას შეუღებავდა, „რეპორტიორის“ მიერ მოძიებული მასალის მიხედვით, მაგდა პაპიძე სთხოვს ტუხაშვილს, არ დაიძინოს, რადგან მასთან აუცილებლად მივა, ეს კი აბათილებს პროკურატურის განცხადებას, რომ პაპიძემ წინასწარ დაგეგმა ქმრისა და შვილის მკვლელობა, შემდეგ კი ცხედრები სწორედ იმ მეზობლის სახლის კართან გაათრია, რომელსაც თავად სთხოვა, არ დაეძინა.

ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა შავი ძაფი მოკლული თორნიკე ქაფიაშვილის კისერზე – მათი ინფორმაციით, თორნიკე ძაფით ჯვარს ატარებდა, თუმცა მიცვალებულს ჯვარი ზედ აღარ ჰქონდა, ის არც მკვლელობის ოთახშია აღმოჩენილი, ეს კი, „გამომძიებელი რეპორტიორის“ მოსაზრებით, აჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა, შესაძლოა, ოთახში სულაც არ მომხდარა.