LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ავარიის საქმეზე ბრალი წარედგინა

80

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი წარედგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას კვირიკაშვილის ადვოკატი, ნუკრი კვინიკაძე, ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, კვირიკაშვილს ბრალი 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

ადვოკატის განმარტებით, კვირიკაშვილს ამ ეტაპზე 15 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული. მისივე თქმით, კვირიკაშვილი არ არის დამნაშავე.

”საქმის მასალებში არსად ფიგურირებს, რომ მერაბ კვირიკაშვილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა. პირველივე ჩვენებაში კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის მოძრაობდა 90-100 კმ/სთ სიჩქარით. საქმის მასალების მიხედვით, მას 30-40 მეტრით უკან მოყვებოდაავტომობილი. მისი მძღოლიც ამბობს, რომ მივყვებოდი BMW X5-ს 30-40 მეტრის მოშორებით და ვმოძრაობდი იმავე სიჩქარითო (90-100 კმ/სთ). იგი წინა მანქანის სიჩქარეს აფიქსირებს იმით, რომ ჩვენს შორის მანძილი არ იცვლებოდაო. ის ინფორმაცია, რაც არის საქმის მასალებში, რაც არის შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული, ადასტურებს, რომ მერაბი არ არის დამნაშავე. ერთი არის სამართლებრივი მხარე, მეორეა მორალური. მერაბ კვირიკაშვილი ყველას შეურიგდა, თუმცა პაპასკირის ოჯახი არ ურიგდება. მას არ უცდია თავი აარიდოს სასამართლოს, გამოძიებას და ცდილობს ადვოკატთან ერთად საქმეზე დადგინდეს ობიექტური გარემოება”, – განუცხადა კვინიკაძემ “ინტერპრესნიუსს”.

ცნობისთვის, 2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები