LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსწრებაზე და ხელის მოთბობაზეა ვიღაც” – იპოდრომზე კორპუსის მშენებლობა განახლდა

იპოდრომზე, თამარაშვილის N13-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განახლდა.

სასამართლოს მიერ 2016 წლის 17 თებერვალს შეჩერებული მშენებლობის ნებართვა გადალახულია და შპს “იკონია კაპიტალი” სარეკრეაციო ზონის ბეტონით ამოვსებას განაგრძნობს.

ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მარიამ საჯაია აქციებს აანონსებს. მისი თქმით, აქციებმა შესაძლოა, სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიოს, მაგრამ უჰაერობაც კოლაფსია.

“ფორტუნამ” სცადა, გაერკვია, რა პერიოდში მოხდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა და რა მიზეზით.

როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, სასამართლომ მშენებლობის ნებართვა სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შეუსაბამობის გამო შეაჩერა.

“საუბარი იყო, რომ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა დადგენილიყო. მხარემ შესაბამისი დოკუმენტები წარმოადგინა. სასამართლოს დავალებით, არქიტექტურის სამსახურმა ხელახლა იმსჯელა, დამაკმაყოფილებლად ჩათვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მშენებლობის ნებართვა კვლავ გაიცა. ანუ ახლა მშენებლობის ნებართვა კვლავ ძალაშია,” – აღნიშნეს არქიტექტურის სამსახურში “ფორტუნასთან” საუბარში. 

მშენებლობის ნებართვა ხელახლა 2017 წლის ივლისში გაიცა. შესაბამისად, “იკონია კაპიტალი” 21 სართულიან, 75 მეტრიან კომპლექს სრულიად “კანონიერად” აშენებს ადგილზე, რომელსაც “თბილისის ფილტვებსაც” უწოდებდნენ.

შეგახსენებთ, რომ იპოდრომის ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა.

მოქალაქეთა ნაწილი უკვე ერთი წელია თხოვნით მიმართავს მერიას, რომ ამ ადგილას “თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდეს”, თუმცა, მერია აცხადებს, რომ ტერიტორია ქალაქის საკუთრებაში აღარ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები