LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოუშვი ბავშვები ჩემთან” – სასტიკად დახოცილი სმიტების ოჯახის აუხდენელი ოცნება

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობას, რომელმაც რაიან და ლორა სმიტების, ასევე, მათი 4 წლის შვილის სიცოცხლე შეიწირა, გამოხმაურება ამერიკაშიც მოჰყვა. აშშ-ში მცხოვრები ქართველების და საქართველოში მცხოვრები ამერიკელების ჯგუფმა გადაწყვიტა, მოკლული ცოლ-ქმრის ოცნება აასრულოს და მარნეულში რაიან და ლორა სმიტების სახელობის ბავშვთა გასართობი ცენტრი ააშენონ. ამ მიზნით, ჯგუფის წევრები მარნეულის მუნიციპალიტეტს პეტიციით მიმართავენ.

სმიტების ოცნების ასასრულებლად საქველმოქმედო პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი აშშ-ში მცხოვრები ქართველი, მიხეილ ცინაძეა. ცინაძე 20 წელია აშშ-ში ემიგრანტია. ამბობს, რომ სმიტებს პირადად არ იცნობდა, თუმცა საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე ყვება, რომ შტატებში დამკვიდრება წლების განმავლობაში რთულ პერიოდების მიუხედავად, მოახერხა და ფიქრობს, რომ სწორედ ასეთივე გზა განვლო სმიტების ოჯახმაც.

„როცა საქართველოდან ამერიკაში ჩავედი, იქ დასამკვიდრებლად ემიგრანტის რთული გზა გავიარე, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის თანადგომა, რაც ამ ქვეყანამ მომცა. მე არ ვიცნობდი რაიან სმიტს, ალბათ, მასაც არ გაუვლია მარტივად გზა საქართველოში. ამ მძიმე პერიოდში ერთადერთი მცირე ნუგეში, ალბათ, ის იქნება, ყველა ერთად შევიკრიბოთ და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ მათი ხსოვნის პატივსაცემად,“ – ამბობს მიხეილ ცინაძე.

საქართველოში არსებულ ექსპატრიანტთა ჯგუფში მკვლელობამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე, რაიან სმიტმა დაწერა, რომ დაინტერესებული იყო, აეშენებინა ბავშვებისთვის სათამაში მოედანი იმ ქალაქში, სადაც სმიტები მცირეწლოვან შვილთან ერთად, 2012 წლიდან ცხოვრობდნენ. მარნეულში მსგავსი ტიპის საბავშვო გასართობი ცენტრი არ არსებობს. ცინაძის ინფორმაციით, რაიან სმიტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ცდილობდა, ეს პრობლემა მოეგვარებინა, თუმცა არ დასცალდა. ახლა საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა პეტიცია, თუმცა პეტიციის განხილვისთვის საჭიროა 10 000 ხელმომწერი, ეს კი იმ პირობებში, როცა მარნეულის მოსახლეობა სულ 20 000 ადამიანამდეა.

„ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, შევქმნათ ამ მოედნის პროექტი, რომელიც სხვადასხვა საიტზე დაიდება საჯაროდ განსახილველად, მივიღოთ საჭირო სამშენებლო ნებართვა ხელისუფლებისგან. ჩვენ არ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ამ მშენებლობისთვის გამოყოს თანხები. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ამერიკელები და ამერიკელები, რომელთაც საქართველო უყვართ, შევაგროვებთ და გამოვნახავთ საჭირო თანხებს. ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ იმას ვთხოვთ, რომ გამოგვიყოს მიწის ნაკვეთი ქალაქის ფარგლებში ამ პროექტის განსახორციელებლად,“ – ამბობს მიხეილ ცინაძე.

აღნიშნულ საკითხზე “ფორტუნამ” მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. კითხვაზე, რა გეგმები აქვთ რაიან და ლორა სმიტების სახელობის სკვერის მშენებლობასთან დაკავშირებით, უწყებაში განმარტეს, რომ საკითხს ამ დრომდე სწავლობენ.

“საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მარნეულის მუნიციპალიტეტი აქტიურად სწავლობს აღნიშნულ საკითხს. ამ ეტაპზე მერიაში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დასაბუთებული მოთხოვა, პროექტი, ხედვა ან სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც შეისწავლის თვითმმართველობა და რომლის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი იქნება შესაბამისი დასკვნის გაკეთება სკვერის მოწყობაზე. აქედან გამომდინარე, მერია მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მხოლოდ იდეის დონეზე წარმოდგენილი ინიციატივა,” – განუცხადა “ფორტუნას” მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ.

რაიან სმიტი საქართველოში 2011 წელს ჩამოვიდა. მეუღლესთან და შვილთან ერთად ის მარნეულში დასახლდა. მანამდე ისინი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან დიეგოში ცხოვრობდნენ. რაიანს და ლორას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ მიღებული. ოჯახი მარნეულში, აღმოსავლური ხელნაკეთი ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული და თან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა. 2017 წლის აგვისტოდან რაიან სმიტი მარნეულში, საბავშვო მოედნის მოწყობას ცდილობდა.

სმიტმა სოციალურ ქსელში კამპანია, სახელად „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ დაიწყო, მიმართა შესაბამის უწყებებს, საკუთარ თავზე იღებდა ყველა ხარჯს, რომელიც მოედნის მოწყობასთან იყო დაკავშირებული. სმიტი ამბობდა, რომ ბავშვებს მარნეულში, უსაფრთხო სათამაშო მოედანი სჭირდებოდათ და ამისთვის იბრძოლებდა.

რაიან სმიტს პარკისთვის სახელიც შერჩეული ჰქონდა – „მოუშვი ბავშვები ჩემთან“

კამპანიას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მარნეულის მოსახლეობისგან, თუმცა მერია, რომელსაც ტერიტორიის გამოყოფა და დამტკიცება ევალებოდა, მაშინ დუმდა. თითქმის ერთწლიანი კამპანიის შემდეგ, მოგვიანებით, მერიამ დუმილი დაარღვია და რუსთაველის ქუჩაზე საბავშვო მოედნის მოწყობას მხარი არ დაუჭირა. მერიაში განმარტავდნენ, რომ იმ ადგილზე ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს და საშინელი გამონაბოლქვია, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

შეგანხსენებთ, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულია მწყემსი, 19 წლის მალხაზ კობაური, რომელიც ბრალს არ აღიარებს. კობაურის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, ბრალდებული ამბობს, რომ მკვლელობა ორი უცხო პირის მიერ არის ჩადენილი და სხვა პირებზეც საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

„მწყემსის საქმესთან დაკავშირებით ბოლო დასკვნა, რომელიც მიიღო შს სამინისტრომ, კერძოდ ეს არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც სექსუალური კავშირი დაადასტურა ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, თავს შევიკავებ მანამ, ვიდრე არ მივიღებთ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უკვე დამატებითი დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს. გამოძიება გრძელდება, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში,“ – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 სექტემბერს 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

 

თათია კაკიაშვილი

პოპულალურები