LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა “რუსთავი 2”-თან – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

65

საპატრიარქო სასულიერო პირებს ტელეკომპანია  რუსთავი 2-თან ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ბოიკოტის რეჟიმის მიხედვით, სასულიერო პირებმა არ უნდა მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქოს ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და ფასეულობები.

“17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრად რუსთავი 2-მა გამოხატა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქომ წერილობით მიმართა აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელს, რეაგირება მოეხდინა სიცრუის ტირაჟირების გამო (რასაც შეიძლება მსოფლიო საპატრიარქოსა და ჩვენს ეკლესიას შორის უსიამოვნება მოჰყოლოდა), სამწუხაროდ, იმავე საღამოს პასუხად მივიღეთ ღვთის მგმობი ახალი გადაცემა.

ამ ქმედებების სულისკვეთება ერთია, – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ; (ამასთან, “თავისუფლებაში” ისინი უზნეობის და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის უფლებას გულისხმობენ), ხოლო ჩვენი ეკლესია, – პრორუსულ ძალად.

გადაცემები კიმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს.თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლისადმი ვლინდება.   ჩვენ მოვუწოდებთ მრევლს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რადგან მავანთა სურვილი სწორედ შფოთისა და არეულობის შემოტენაა და მათ მიზნის განხორციელებაში ხელი არ უნდა შევუწყოთ.

პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები,” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები