LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა ყოვლისმომცველი ხასიათი მიიღოს – დიდი ბრიტანეთი

63

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ამერიკული სანქციების მხარდაჭერას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. დღეს ჯერემი ჰანტი აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, სადაც მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვა.

„ფორინ-ოფისის“ მიერ ვიზიტამდე გავრცელებული გამოსვლის ტექსტიდან ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს ახალი ამერიკული სანქციების მხარდაჭერას შესთავაზებს. განცხადების მიხედვით, მსოფლიო დემოკრატიული წესრიგი საფრთხის წინაშეა და დასავლეთი უნდა გაერთიანდეს შიდა და გარე მტრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომელთა შორის პირველი ვლადიმერ პუტინის რუსეთია.

„დღეს დიდი ბრიტანეთი სთხოვს თავის მოკავშირეებს, გადადგან ნაბიჯი წინ. მოვუწოდებთ ევროკავშირს, გააკეთოს ისე, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა მიიღოს ყოვლისმომცველი ხასიათი და აჩვენოს, რომ ჩვენ ნამდვილად აშშ-ის გვერდით ვდგავართ“, – ნათქვამია ჯერემი ჰანტის სიტყვაში.

აგვისტოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომების შესახებ განაცხადა.

ჰანტის სიტყვაში გამოყოფილია ოთხი ძირითადი პრობლემა, რომელთა შორის პირველი კრემლის პოლიტიკაა.

„რუსეთის მსგავსი წამყვანი სახელმწიფოები საერთაშორისო არენაზე ურთიერთობების არსებულ წესებს მუდმივად ლახავენ. მსგავსი აგრესიული და მტრული ქმედებები საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგსა და ჩვენს უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, საჭიროა რუსეთთან ხიდების შენება, თუმცა პირდაპირ უნდა ვთქვათ: ვლადიმერ პუტინის მმართველობით გატარებული რუსეთის საგარეო პოლიტიკის შედეგად, მსოფლიო ბევრად საშიში გახდა“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში.

„მან, ვინც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, უნდა იცოდეს, რომ წითელი ხაზების გადაკვეთას სერიოზული საფასური დაეკისრება, იქნება ეს ტერიტორიული ინტერვენციები, აკრძალული იარაღის გამოყენება თუ კიბერთავდასხმები“, – ნათქვამია ტექსტში.

მეორე პრობლემად ჯერემი ჰანტი ეკონომიკური ბალანსის აღმოსავლეთით გადანაცვლებას ასახელებს. მესამე საფრთხე, მისი აზრით, დასავლეთში პოპულიზმია, მეოთხე კი – ისლამური ექსტრემიზმი. მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად დემოკრატიულმა ქვეყნებმა ჯერ უნდა დაამყარონ წესრიგი საკუთარ სახლში, ამის შემდეგ კი უთანხმოება დაივიწყონ და ძალისხმევა გააერთიანონ.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ერთნაირი ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის ალიანსების მთელი სიძლიერე“, – აღნიშნულია ჰანტის გამოსვლის მომზადებულ ტექსტში.

ამ მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულად აღნიშნავს ნატო-ს როლს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები