LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურა სასამართლოში ახალ მტკიცებულებებს წარადგენს

71

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ახალ მტკიცებულებებს წარადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განუცხადა.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ ახალი მტკიცებულებები ბევრ გარემოებას მოჰფენს ნათელს.

“ბრალდების მხარეს ექნება მყარი პოზიცია და ყურადღებას გაამახვილებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ცალსახად მიუთითებს ბრალდებულების მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაზე. ბრალდების მხარე ნამდვილად წარადგენს ახალ მტკიცებულებებს, მათ შორის მოითხოვს საპროცესო დოკუმენტების, მოწმეების ჩვენების დართვას და ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული მტკიცებულებები, ნათელს მოჰფენს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან გარემოებას,” – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრის შესაძლო გაფართოებას, პროკურორის თქმით, პროკურატურა მზადაა, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი პირი მისცეს პასუხისგებაში.

“მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას მხარს ვუჭერ მკვლელობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება გამოყოფილ საქმეზე. შემიძლია გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ის მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში,” – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა.

პოპულალურები