LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობების სტანდარტის გამკაცრება და მილანის მსგავსი ქალაქი – რა უთხრა კალაძემ ბიზნესს?

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ბიზნესმენებს შეხვდა. მან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის განვითარების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

შეხვედრას, ცნობილ ბიზნესმენებთან ერთად, ირაკლი კობახიძე, გიორგი გვახარია და არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

კალაძემ ბიზმენების როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა – უმუშევრობა, სწორედ მათ უნდა მოაგვარონ, ხელისუფლების დახმარებით.

“თქვენ დიდი როლი გაქვთ ქვეყნის მშენებლობაში, ეკონომიკის წინსვლაში. თქვენი თანადგომა სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია. ქვეყნის მთავარი პრობლემა ახლა უმუშევრობაა. უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ეს თქვენ უნდა შექმნათ, თქვენ უნდა დაასაქმოთ ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელშეწყობით. მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მზად ვარ, რომ ამის გარემო, ამის პირობები შევქმნათ ქალაქში,” – განაცხადა კალაძემ.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც მერობის კანდიდატმა ბიზნესს ესაუბრა, ქალაქის ქაოტურად განვითარებაა. კალაძის თქმით, მისი მერობის პერიოდში, უსახურ შენობებს წერტილს დაუსმევს.

“ძალიან მნიშვნელოვანია მშენებლობის საკითხის მოწესრიგებ, ასევე მშენებლობის სტანდარტის გამკაცრება. სამწუხაროა, რომ ვისმენთ, რომ მშენებლობებზე იღუპებიან ადამიანები.

“ჩემი მერობის პერიოდში, უნდა შევთანხმდეთ, რომ გამორიცხულია სამშენებლო ნებართვების გაცემა, სპორტული მოედნების, სარეკრეაციო სივრცეების ხარჯზე. მე, რა თქმა უნდა, მშენებლობის განვითარებას არ ვეწინააღმდეგები, პირიქით, ხელს შევუწყობ, დაგეხმარებით, მაგრამ ეს ყველაფერი სწორად და ხარისხიანად უნდა გავაკეთოთ. არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე. დედაქალაქის ყველა რაიონი უნდა განვითარდეს თანაბრად,” – განაცხადა კალაძემ.

 

რა უპასუხა ბიზნესმა კალაძეს?

ამ მესიჯების შემდეგ, მედიასთან კომენტარი სწორედ სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელმა, კომპანია “რედიქსის” დირექტორმა, ლაშა პაპაშვილმა, გააკეთა.

თავის მხრივ, მანაც გამოთქვა ერთგვარი მოლოდინი კალაძის მიმართ.

“მილანის მსგავსი ქალაქი გვჭირდება. იმედია თავს გაართმევს,” – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

 

მნიშვნელოვანი მესიჯები შეხვედრიდან

გარდა ამისა, კალაძეს თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი ჰქონდა. მათ შორის, ეკოლოგიის, განათლებისა და ურბანული განვითარების მიმართთულებით.

როგორც კალაძემ განაცხადა, “ტრანსპორტით მგზავრობა სირცხვილი აღარ უნდა იყოს”.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული და პოპულარული გახდეს, 700 მილიონ ლარს გამოყოფენ.

“ყვითელი ავტობუსი კრიტიკას ვერ უძლებს. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა კომფორტი უნდა შექმნას. ჩვენთან კი პირიქითაა. ამას ჩვენ შევცვლით 4 წელიწადში. ტრანსპორტით სიარული სირცხვილი არ უნდა იყოს,” – განაცხადა კალაძემ.

მანვე ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და ახალი მეტროს გახსნა, ასევე “მანის” ავტობუსების შემოყვანა ახსენა.

ამასთან მან ძველი თბილისის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, 5 მილიონი ლარი გამოიყოფა.

“ეს არის ის, რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს. 1700-მდე შენობა-ნაგებობა აღდგება ეტაპობრივად,” – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ეს გეგმები 4 წელზე აქვს გათვლილი.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები