LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშპ-ს რეალური ზრდა 5,3 პროცენტით განისაზღვრა

324

2018 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 150,2 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4,3 პროცენტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,4 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (13,4 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (11,4 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (10,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (10,0 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,1 პროცენტი), მშენებლობა (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (6,6 პროცენტი), განათლება (5,2 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (5,1 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავება (-3,0 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-2,2 პროცენტი).

საქსტატის ცნობითვე, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16,9 პროცენტი) და მრეწველობა (16,6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,3 პროცენტი), მშენებლობა (8,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (7,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,7 პროცენტი).

ცნობისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხორციელდება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემების გადაანგარიშებაც. მაგალითად 2018 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები თავდაპირველად იანგარიშება 2017 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან ერთად შეიცვლება 2018 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2019 წლის ნოემბერში 2018 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2018 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები