LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობა და აყვავება: საინტერესო ფაქტები პიონჩანგის ოლიმპიადაზე

46

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 9 თებერვალს, ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები იწყება. პირველი “თეთრი” ოლიმპიადა 1924 წელს, საფრანგეთის შამონიში გაიმართა.

საპოროსა (1972) და ნაგანოს (1998) შემდეგ, ეს არის ზამთრის მესამე ოლიმპიადა აზიაში. კორეა მეორე ოლიმპიადას მასპინძლობს – პირველი ზაფხულისა იყო: 1998 წელს, სეულში.

პიონჩანგი დედაქალაქ სეულიდან 130 კილომეტრის დაშორებით, ტჰებეკის მთებში მდებარეობს. ზამთარი იქ გრძელი და თოვლიანია, ასე რომ, პირობები ზამთრის სპორტებისთვის იდეალურია. მაგრამ უსიამოვნო მომენტია ის, რომ პიონჩანგიდან 80 კილომეტრში ჩრდილოეთ კორეის საზღვარია.

პიონჩანგი კორეულიდან ითარგმნება, როგორც მშვიდობა და აყვავება. ოლიმპიადისთვის უკეთესი ლოზუნგის მონახვა ძნელია. პიონჩანგის მოსახლეობა მხოლოდ 9 940 ადამიანია. იგივე სახელწოდების ოლქში 43 700 ადამიანი ცხოვრობს.

თამაშებს ორი თილისმა ჰყავს – თეთრი ვეფხვი, რომელსაც სუჰორანი ჰქვია და ჰიმალაის დათვი, სახელად პანდაბი. შემქმნელთა ჩანაფიქრით, ვეფხვი ოლიმპიადის მიმართ ნდობის სიმბოლოა და ის იცავს სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს. დათვი კი მამაცობისა და ბრძოლის ჟინის სიმბოლო გახლავთ.

დროებითი 35-ათასიანი ოლიმპიური სტადიონის აშენებას 100 მილიონი დოლარი დასჭირდა. აქ გაიმართება გახსნისა და დახურვის ცერემონია. თამაშების შემდეგ, არენას დემონტაჟი ელოდება.

ორ ოლიმპიურ სოფელში ათლეტებისა და დელეგაციის წევრების განსათავსებლად 1522 ნომერია. ოლიმპიელებისთვის განკუთვნილ ყველაზე მაღალ კორპუსში 25 სართულია.

ოლიმპიურ სტარტებს 12 სპორტული არენა უმასპინძლებს. მათ შორის, ექვსი ახალია და ამდენივე – რეკონსტრუირებული.

პიონჩანგის თამაშების პროგრამაში სპორტის 15 სახეობაა შეტანილი. 16 დღის განმავლობაში, გათამაშდება მედლების 102 კომპლექტი. ყველაზე მეტი ჩემპიონი ეყოლება ციგურებით რბენას – 14. არის ოთხი ახალი დისციპლინა: მას-სტარტი ციგურებით რბენაში, ბიგ-ეირი სნოუბორდში, გუნდური პირველობა სამთო თხილამურებში და დაბლ-მიქსტი ქიორლინგში.

ჯამში თითქმის 3 ათასი სპორტსმენი იბრძოლებს ოლიმპიური მედლებისთვის.

პრესის მონაცემებით, 2018 წლის ოლიმპიადის ბიუჯეტმა 13 მილიარდი დოლარი შეადგინა – დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდები.

სულ ოლიმპიადაზე გამოვა 92 ქვეყნის ნაკრები, მათ შორის, ექვსი აფრიკული და ოთხი – ლათინოამერიკული, რომლებიც არ იყვნენ ოთხი წლის წინ, სოჭში.

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას 7500 მონაწილე ჰყავს. ესტაფეტა დასრულდება გახსნის დღეს, როცა ოლიმპიურ სტადიონზე მთავარი ოლიმპიური ცეცხლი დაინთება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები