LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობიანი შეკრების უფლების აკრძალვა – კანონპროექტი კრიტიკის და განხილვის საგანია

მშვიდობიანი შეკრების უფლების აკრძალვა –  ახალი კანონპროექტი უკვე გახდა კრიტიკის საგანი პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამ ახალი რეგულაციით, იმ პირთა წრე ფართოვდება, რომელთაც მშვიდობიანი შეკრების უფლება შეიძლება, აეკრძალოს. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

აკრძალვა შეეხებათ პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, ასევე, სასჯელაღსრულების უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებს. ამ სიაში არიან, ასევე, შსს-ს, თავდაცვის ძალების, სუს-ის, დაზვერვის, სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

„მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა“ – ომბუდსმენი კანონპროექტზე

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ცვლილებებით პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა ხდება, რაც ნინო ლომჯარიას თქმით, აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს.

ამ ჩამონათვალში მოხვდნენ რეინჯერები, მეხანძრე მაშველები და ბადრაგის თანამშრომლებიც, რაც სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით მიუღებელია.

ომბუდსმენის ინფორმაციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლებას უკრძალავს შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულების მოსამსახურეებს. ამ პირთა წრისთვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა არა ერთხელ გამხდარა საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მწვავე კრიტიკის საგანი.

„გაუმართლებლად ფართოა იმ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების ბლანკეტური აკრძალვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში განხორციელდეს მსგავსი გამიჯვნა, რაც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზს და დაადგენს უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს, –  ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ცვლილებების საკანონმდებლო განხილვის შემდგომ პროცესში.

 

ხელისუფლების ხედვა

„ქართულ ოცნებაში“ კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ინიციატივა, რომელიც კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანებისთვის აქციების ჩატარების უფლებას ზღუდავს, წინააღმდეგობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საკომიტეტო განხილვების დროს პოზიციები შეჯერდება, მათ შორის სახალხო დამცველთანაც.

არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საერთაშორისო პრინციპებთან, რომლებიც არ კრძალავენ შეკრების და მანიფესტაციის უფლებას. შესაბამისად, ის კანონი, რომელიც იქნება მიღებული, შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე აღიარებული და, ასევე, შესაბამისობაში იქნება შეკრების და მანიფესტაციების გამოხატვის საერთაშორისო პრინციპებთან,“– განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

ოპოზიციაში კანონპროექტს „საშიშ ტენდენციას“ უწოდებენ

„საშიში ტენდენციაა, როდესაც თავისუფლების შეზღუდვის სფერო ფართოვდება,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა.

კიკნაველიძის თქმით, ლეგიტიმურია, როდესაც პოლიციელებს და ჯარისკაცებს შეზღუდული აქვთ მანიფესტაციების მოწყობის თავისუფლება, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ფართოვდება იმ სფეროების და იმ ადამიანების სივრცე, რომლებსაც ეს უფლება შეეზღუდებათ.

„მაგალითად, ასეთი არის მეხანძრე, მეტყევე, რომელიც ტყეში თოფით იცავს, რომ უკანონოდ ხე არავინ მოჭრას, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს და მას აქვს უფლება მშვიდობიანად გააპროტესტოს მისთვის მნიშვნელოვანი თემა. ამიტომ, ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით მომეტებული სიფრთხილე გვჭირდება ყველას იმიტომ, რომ საშიშია თავად ტენდენცია, როცა თავისუფლებების შეზღუდვის სფერო ფართოვდება,“  – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

 

კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მესამე სექტორი აღნიშნულ კანონპროექტს კრიტიკულად უყურებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი, ლიკა საჯაია „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ეს კანონპროექტი რეალურად გასცდა იმ ზღვარს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება მიზნად ისახავდა.

საჯაიას თქმით, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონის ინიცირება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსულიყო. თუმცა, ლიკა საჯაია განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის არასწორ წაკითხვასთან გვაქვს საქმე, რადგან კონსტიტუციაში შეიცვალა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, მხოლოდ სამხედრო ძალების და შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებს არ ჰქონდათ მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლება და მას დაემატა ის ორგანოები, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

„კანონპროექტის ინიციატორმა კანონმდებლებმა აკრძალულთა კატეგორიაში შეიყვანეს მეხანძრეები, გარემოს დაცვის თანამშრომლები, რაც აბსოლუტურად ყველანარ მიზანს არის აცდენილი. არ შეიძლება, ლოგიკური გამართლება მოეძებნოს, რომ ამ ადამიანებს რატომ არ უნდაქონდეთ იმ ძირითადი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, რასაც წარმოადგენს შეკრების და მანიფესტაციის უფლება. ამიტომ ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, მსგავსი კანონები, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და რომლის განმარტებით ბარათშიც ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობით შემოდის, აბსოლუტურად სხვანაირად უნდა იწერებოდეს, საჭიროა უფრო მეტი მსჯელობა, საჭიროა, ალბათ, გარკვეული ჯგუფიც შეიქმნას, სადაც მხოლოდ პარლამენტის ცალკეული წევრები კი არა, არამედ ექსპერტები, იურისტები შევლენ, ასევე, თუნდაც ის ადამიანები, ვინც საკონსტიტუციო კომისიაში იყვნენ და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მსგავსი კანონპროექტების ინიცირება,“ – ამბობს ლიკა საჯაია „ფორტუნასთან“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ კანონპროექტში შემოდის ახალი ტერმინი, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, სადაც შეიძლება, ვიგულისხმოთ ძალიან ბევრი ორგანოს წარმომადგენელი პირი, რომელიც შესაძლებელია, სრულიად არ იყოს უსაფრთხოების ან მშვიდობის დაცვაზე პასუხისმგებელი. შესაბამისად, “საიას” წარმომადგენლის თქმით, კანონპროექტი საჭიროებს უფრო ზუსტ კონკრეტიკას.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის სამსახურის მოსამსახურე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე პირებს, კონკრეტულ შემთხვევაში რატომ უნდა აეკრძალოთ შეკრების უფლება, გაუგებარია, როდესაც ჩვენ არ ვსაუბრობთ სამუშაო საათებში, მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე, რომელიც იმართება ნებაყოფლობით, მშვიდობიან გარემოში და არასამუშაო საათებში,“ – განმარტავს ეკა მამრიკიშვილი.

მამრიკიშვილი განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს კანონპროექტში საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოების ჩაწერას და მიღებას, რადგან ამ ტერმინში შეიძლება, ბევრი რაღაც მოიაზრებოდეს.

„მაგალითად, ისეთი ორგანოები, რომლებიც შესაძლოა, სრულიად არ იყვნენ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ან სამართალდამცავი ორგანოების სპეციალური ან გასამხედროებული დაწესებულების მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირები,“ – ამბობს მამრიკიშვილი.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტის მიზანია, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონი შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია.

 

თათია კაკიაშვილი