LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მშვიდობის ეპოქა იწყება” – ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები შეხვდნენ

75

ფხანმუნჯის სასაზღვრო პუნქტზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. სადემარკაციო ხაზზე ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც 1953 წლიდან სამხრეთ კორეას ეწვია.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მშვიდობის სახლში გაიმართა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სპეციალურ წიგნში ჩანაწერი დატოვა.

„დღეს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება: მშვიდობის ეპოქა“, – დაწერა კიმ ჩენ ინმა.

კიმ ჩენ ინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან კარგ და მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს.

„ჩვენ აქ მოვედით იმის იმედით, რომ ორ კორეას შორის ურთიერთობებში ახალ ფურცელს გადავშლით,“ – განაცხადა მან.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მოუწოდა ერთად დაამკვიდრონ მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე.

„ვაცნობიერებ, როგორი პასუხისმგებლობა გვეკისრება. თქვენი მადლობელი ვარ სიმტკიცისა და სიმამაცისათვის, რომელიც გამოავლინეთ ამ მოლაპარაკებებზე მოსვლით. მოდით, ერთად გამოვიჩინოთ სიმამაცე და სიმტკიცე და მშვიდობა და აყვავება მოვუტანოთ კორეის ნახევარკუნძულს. ამ დღიდან სადემარკაციო ხაზი აღარ გვევლინება განხეთქილების სიმბოლოდ, ის მშვიდობის სიმბოლო გახდა“, – აღნიშნა მან.

მუნ ჩჟე ინის განცხადებით, მზადაა მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში აწარმოოს, თუ ეს საჭირო გახდება.