LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი საქართველოს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვაში დაეხმარება

38

მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე ისაუბრეს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამ საკითხით დაინტერესებული საჯარო უწყებების წარმომადგენლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ და საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ.

„სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართავა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსოფლიო ბანკის სპეციალურმა მისიამ შემოგვთავაზა ამ საკითხზე ტექნიკური დახმარების გამოყოფა და ჩვენ ამ შეთავაზებით აუცილებლად ვისარგებლებთ. შესაბამისად, გავაუმჯობესებთ როგორც სახელმწიფო ვალის, ასევე ფისკალური რისკების მართვის მიმართულებას,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსოფლიო ბანკის ხაზინის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჩოქსუნ ჩანგოზმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ივნისში მსოფლიო ბანკის ექსპერტების დიდი ჯგუფი ჩამოვა.

„მსოფლიო ბანკი მოხარულია საქართველოს გაუწიოს ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ფისკალური რისკების მართვისა და სახელმწიფო ვალის მართვის მიმართულებით. ივნისში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ორგანიზება გავუწიოთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების დიდი ჯგუფის მისიის ჩამოსვლას. ჩვენ საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის კუთხით. ასე რომ, ეს არის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიო ბანკის ხაზინას აკავშირებს საქართველოს მთავრობასთან” ,- აღნიშნა მსოფლიო ბანკის ხაზინის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჩოქსუნ ჩანგოზმა (Coskun Cangoz)