LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ევროპა გახდა: ეყოლება თუ არა მსოფლიოს ახალი ჩემპიონი

48

მეხუთედ მოხდა ისტორიაში, რომ სამხრეთ ამერიკის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ მივიდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე.

რუსული მუნდიალის 23-ე დღე შავად გათენდა ლათინოელებისთვის. კონტინენტის ბოლო წარმომადგენლებმა – ურუგვაიმ და ბრაზილიამ – მეოთხედფინალები წააგეს და ტურნირი დატოვეს.

დარჩენილი 6 გუნდი კი ევროპას წარმოადგენს. შესაბამისად, უკვე ახლავე ცნობილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ისევ ევროპული ნაკრები გახდება.

ის, რომ სამხრეთამერიკელები ნახევარფინალში არ იქნებიან, ასეთი რამ უკვე მომხდარა 1934, 1966, 1982 და 2006 წლების მუნდიალებზე.
ბარემ გავიხსენოთ, როგორ გამოიყურებოდა ევრონახევარფინალები მსოფლიოზე:
1934 – გერმანია-ჩეხოსლოვაკია; ავსტრია-იტალია;
1966 – გფრ-სსრკ; ინგლისი-პორტუგალია;
1982 – პოლონეთი-იტალია; გფრ-საფრანგეთი;
2006 – გერმანია-იტალია; პორტუგალია-საფრანგეთი.

მოგეხსენებათ, უკავანო ურუგვაიმ 0:2 დაუთმო საფრანგეთს, ხოლო ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩში ბრაზილიამ ცოტა მოულოდნელად 1:2 წააგო ყველა თამაშის მომგებ ბელგიასთან.

 

დარჩენილი 6 ევროპული გუნდიდან მხოლოდ საფრანგეთი (1998) და ინგლისი (1966) გამხდარან ჩემპიონები.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ გუნდს, თუ რუსეთს საბჭოთა კავშირს მივათვლით, მაშინ სსრკ 1966 წელს იყო ნახევარფინალში (სამი ქართველი თამაშობდა), ბელგია 1986 წელს (მარადონას ორმა გოლმა დაამარცხა), შვედეთი 1994 წელს (მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან 0:1 წააგო) და ხორვატია 1998 წელს (დებიუტანტი მასპინძელ და ასევე მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა).

ასე რომ, რჩება ინტრიგა: ეყოლება თუ არა მსოფლიოს ახალი ჩემპიონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები