LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 უგემრიელესი მუზეუმი

785

საკვები არა მხოლოდ ორგანიზმის სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების საშუალება, არამედ ნაციონალური იდენტობის განმსაზღვრელი, ქვეყნის კულტურის, ისტორიის ნაწილია და სწორედ ამიტომ ამაყობს ყველა ქვეყანა საკუთარი “გემრიელი მუზეუმით”, რომელიც მრავლად იზიდავს გურმანებსა და ჩვეულებრივ ცნობისმოყვარეებს.

კაკაოსა და შოკოლადის მუზეუმი, ბელგია – ბრიუსელის ცენტრში მოწყობილ მუზეუმში უგემრიელესი ნუგბარის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცნობა შეიძლება, რადგან მაიასა და აცტეკების იდუმალებით მოცულ ცერემონიალებზე დაბადებულმა კაკაომ გრძელი გზა გაიარა, სანამ სასმელიდან საკვებად და ყველას საყვარელ შოკოლადად იქცა.

ყველის სახლი “გრიუერი”, შვეიცარია – ყველაზე ცნობილი შვეიცარული ყველის მწარმოებელი ფაბრიკა ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმიცაა, სადაც სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე მეყველეობის ისტორიის გაცნობაც შეიძლება, მომზადების პროცესის ნახვაც და მსოფლიოში საუკეთესო ყველის დაგემოვნებაც.

პიცას მუზეუმი Pizza Brain, შეერთებული შტატები – “კოკა-კოლა” და ჰამბურგერი – სულ ესაა, რაც შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო კულინარიას შემატა, დანარჩენი კი, ევროპიდან გადმობარგებულმა ემიგრანტებმა მოიტანეს, რომელთა შორის უამრავი იტალიელი იყო და სწორედ ამიტომ, პიცა სწრაფად იქცა ამერიკელების უსაყვარლეს კერძად. რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პიცას არა მხოლოდ გასტრონომიაში, არამედ ამერიკულ მასკულტურაში – გაცნობა ფილადელფიაში პიცას მუზეუმში შეიძლება.

შოკოლადის მუზეუმი, ესპანეთი – კაკაოს მარცვლებით დატვირთულმა გალეონებმა პირველად საუკუნეების წინ გადმოლახეს ატლანტის ოკეანე და ინკების ოქროსთან ერთად ესპანეთში უგემრიელესი სასმელიც ჩამოიტანეს. მართალია, შოკოლადის წარმოებაში ესპანელებმა პირველობა შვეიცარიელებსა და ბელგიელებს დაუთმეს, მაგრამ “ყავისფერი ოქროს” სიყვარული მაინც შეინარჩუნეს.

ჯულიუს სტარჯესის კრენდელის საცხობი, შეერთებული შტატები – ოჯახურ საწარმოში უკვე წლებია იცვლებიან თაობები, თუმცა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე ყველა უარს ამბობს, რადგან უძველესი რეცეპტი მხოლოდ იმ ღუმელზეა მორგებული, სადაც სტარჯესების წინაპარმა პირველი ორიგინალური მარილიანი კრენდელი გამოაცხო. ისტორიის შესწავლა მუზეუმში, ექსპონატებით შეიძლება, წარმოებისა კი – პრაქტიკულად გამოცდილი მცხობელების მეთვალყურეობით.

მარციპანის მუზეუმი, უნგრეთი – ნუშისა და შაქრის ფხვნილის ნაზავი არა მხოლოდ არომატული, არამედ საოცრად პლასტიური პროდუქტიცაა, რომლისგანაც არაჩვეულებრივი ფიგურების “გამოძერწვა” შეიძლება. ამგვარი კულინარიული შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები უნგრეთის ცენტრში, სენტენდრეს მუზეუმშია გამოფენილი, სადაც დათვარიელებასთან ერთად ექსპონატების დაგემოვნებაც შეიძლება.

ყველის ქარხანა Bergeron, კანადა – ბერჟერონის ოჯახის ისტორია ამავდროულად კანადური მეყველეობის ისტორიაცაა, რომელიც დოკუმენტებში, ფოტოებსა და ფილმებში შემონახული, ფერმის მუზეუმშია წარმოდგენილი. ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება, როცა უამრავი ცნობისმოყვარეს თვალწინ რძე ოთხი სახეობის ყველად იქცევა.

ხამონის მუზეუმი, ესპანეთი – ხამონის ხარისხი ცხოველის ჯიშსა და მის საკვებზეა დამოკიდებული. ყველაზე ძვირადღირებული ხამონი რკოთი ნაკვები შავი ღორის ხორცით მზადდება, თუმცა არსებობს შეუდარებელი არომატის ხამონის ასობით ვარიანტი, რომელთა უმეტესობა მადრიდის მუზეუმშია თავმოყრილი, სადაც ადგილობრივი დელიკატესების არაჩვეულებრივი მაღაზიაცაა მოწყობილი თავისი პატარა მაგიდებით ლანჩისთვის.

პურისა და ფქვილის შვეიცარული მუზეუმი, შვეიცარია – ოთხ სართულზე მოთავსებული ექსპოზიცია ცნობისმოყვარეებს მარცვლის პურად ქცევის 9-საუკუნოვან ისტორიას მოუთხრობს და დამთვარიელებლებს იმ  ურთულესი პროცესით აოცებს, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პურის თუ ფუნთუშას მიღებისთვისაა საჭირო.

პასტილას მუზეუმი, რუსეთი – უნიკალური, სუფთა რუსული პროდუქტი ნაკლებადაა ცნობილი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, თუმცა სამშობლოში პასტილა განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები